British Airways-ის პილოტები ხელფასების ზრდის მოთხოვნით ავიაკომპანიის ისტორიაში პირველ საყოველთაო გაფიცვას მართავენ. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, 9 სექტემბერს ავიაკომპანიამ დიდი ბრიტანეთის აეროპორტებიდან რეისების თითქმის 100% გააუქმა, ორდღიანმა გაფიცვა თითქმის 300 ათასი ადამიანის სამოგზაურო გეგმებზე აისახა.
9-10 სექტემბრის გაფიცვაში ავიაკომპანიის 4300 პილოტი მონაწილეობს. ბრიტანელი პილოტების პროფკავშირის (BALPA) ინფორმაციით, გაფიცვის ერთი დღე ავიაკომპანიას 40 მილიონი გირვანქა დაუჯდება. 48 საათში ავიაკომპანია საშუალოდ 1700-მდე ფრენას ახორციელებს.
ავიაკომპანიამ მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა და BALPA-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა. ანალოგიურ საპროტესტო აქციებს BALPA 27 სექტემბერს და საშობაო არდადეგების წინაც გეგმავს.
British Airways-ისა და BALPA-ს მოლაპარაკებები 9 თვეა მიმდინარეობს. ივლისში ავიაკომპანიამ პილოტებს სამი წლის განმავლობაში ხელფასების 11,5%-ით მომატება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

ფოტო: Instagram