ფოტო: shutterstock.com

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში 187.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.
ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზეა ნიდერლანდი – 31.1 პროცენტით, მეორე ადგილზე თურქეთი – 19.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე აშშ 14.7 პროცენტით. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის II კვარტალში 69.6 პროცენტი შეადგინა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 63.7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.0 პროცენტია. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 38.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 28.1 მლნ. დოლარით.