ის რაც დავით-გარეჯში ხდება ეს არის ხელისუფლების სრული უუნარობა და საზოგადოებისათვის თვალებში ნაცრის შეყრა. აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უკვე თვეზე მეტია ჩაკეტილი აქვთ უდაბნოს მონასტერი, ასევე ჩიჩხიტურთან მისასვლელი გზები და ქართველებს იქ არ უშვებენ.
ასევე, მათ დაიწყეს დამატებით ყაზარმების მშენებლობა დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ფერდობზე, სადაც მონასტრებია განლაგებული, გააკეთეს წარწერა აზერბაიჯანულ ენაზე ,,სამშობლო შენთვის სიკვდილი ჩვენთვის პატივი არისო” ფაქტობრივად, მათ უკვე სრული ოკუპაცია განახორციელეს.
რას აკეთებს ამ ფონზე ჩვენი ხელისუფლება? აბსოლუტურად არაფერს, გვატყუებენ თითქოს საზღვრის დამდგენი კომისია მუშაობს და ყველაფერი სამართლიანად გადაწყდებაო, რასთან გვაქვს საქმე ღალატთან, თუ არაკვალიფიციურ ქმედებასთან?
ბუნებრივია ასევე საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატების პარლამენტში მოსმენისას არც ერთმა არც ოცნების და არც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა არ დასვა კითხვა დავით-გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით.
ფაქტი ერთია, საქართველოს მოსახლეობა არცერთ შემთხვევაში არ დათმობს თავის სიწმინდეებს და მიწას, ხოლო ვინც გაბედავს და ქართველი ხალხის ზურგს უკან საკუთარი გამდიდრების ან სხვა ნებისმიერი რამის ფასად ოკუპანტს გაურიგდება, ის აუცილებლად აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით”
multimedia