ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, როგორიც არის ენერგეტიკა, ცალკე სამინისტროდ უნდა არსებობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პრემიერმინისტრს ეკონომიკის სამინისტროსგან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის შესახებ წერილით მიმართა. წერილი გიორგი გახარიას ხვალ გადაეგზავნება.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და თბილისის მერი კახა კალაძე, “ქრონიკასთან” აცხადებს, რომ თავის დროზე, როდესაც მმართველმა გუნდმა ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროში გაერთიანების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თავად ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა.

კახა კალაძის აზრით, ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, როგორიც არის ენერგეტიკა, ცალკე სამინისტროდ უნდა არსებობდეს, შესაბამისად ის აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს თუ კი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

დეპუტატი რევაზ არველაძე კი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ არგუმენტებს გახარიას მიმართ გაგზავნილ წერილში ჩამოაყალიბებს. მისი შეფასებით, მას შემდეგ რაც ენერგეტიკის სფერო ეკონომიკის სამინისტროში გაერთიანდა, ის არსებულ გამოწვევებს თავს ვეღარ ართმევს.

თავად ეკონომიკის სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას ენერგეტიკის მიმართულების ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ეს დღის წესრიგში არ დგას. თუმცა სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია გარკვეული უწყებების დაყოფასა და გაერთიანების შესახებ.

2017 წლის დეკემბერში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდა და ის ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა. 2018 წლის ივნისში მამუკა ბახტაძის გაპრემიერების შემდეგ კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს ფუნქციები დაემატა და ენერგეტიკის საკითხებიც შეუერთდა.