ფილიპ რიკერი ფოტო: Youtube

ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქვეყანას მიაღწიოს პროგრესს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში

“ის, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციულად, პოზიტიური ნაბიჯია”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ რიკერმა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.

მისი განცხადებით, სახელმწიფომ კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს იმისთვის, რომ საარჩევნო კონკურენტუნარიანობა თანაბარი იყოს, “ისევე, როგორც ბიზნესგარემოში თანაბარი პირობები იყოს ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიებისთვის ეხება ეს ინვესტორებს, ვაჭრობას თუ სხვა მიმართულებებს. მე მჯერა, რომ ეს არჩევნები კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის, წარმოაჩინოს საკუთარი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მიჰყვეს ეუთოს 2019 წლის რეკომენდაციებს და ზოგადად, ხელი შეუწყოს რომ საქართველომ და მისმა მეგობრებმა ერთობლივად ბევრ წარმატებას მიაღწიონ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქვეყანას მიაღწიოს პროგრესს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ რიკერმა.

თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

მთავარი თემა რუსული ოკუპაციაა. კონფერენციას 50-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი და 500-მდე სტუმარი ესწრება. მათ შორისაა ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, ჯონ მაკკეინის მეუღლე, სინდი მაკკეინი, რომელიც კონფერენციას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრება.

დელეგატებმა და სტუმრებმა საქართველოს ახალი ხელისუფლებაც შეაფასეს და გახარიას მთავრობას წარმატება უსურვეს.

თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით და ერთჯერადად ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ინიციატივა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და მას მხარს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია უჭერს. უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 5 აგვისტოს წარადგინა.