მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას ანა ნაცვლიშვილი უერთდება. ამის შესხებ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. ინფორმაციის თანახმად, ანა ნაცვლიშვილი ორგანიზაციის სპიკერი იქნება, თავად მოძრაობა კი უახლოეს დღეებში დაფუძნდება.
„ეს იქნება ახალი თანამედროვე პლატფორმა, მიზნებზე და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ძლიერი გუნდით, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალებს გააერთიანებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ახალ გუნდს შემოუერთდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მოძრაობის სპიკერი იქნება. ანა მთელი მისი დიდი პროფესიული გამოცდილებით, მტკიცე ხასიათით, ობიექტურობისა და თავისუფლების მაღალი ხარისხით გუნდის ნამდვილი მონაპოვარია. ის ყოველთვის მზად იქნება გაახმოვანოს მოძრაობის სიახლეები, ინიციატივები, გეგმები, შედეგები. ანა უწყვეტ კომუნიკაციაში იქნება მედიასა და საზოგადოებასთან. ჩვენთვის ამ კლასის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია – წარმატებები ანა ნაცვლიშვილს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
თავად ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კი, ის სწორედ მამუკა ხაზარაძის მოძრაობაში ხედავს რეალურ ძალას და რესურს, რომ თვისობრივად ახალი რეალობა შეიქმნას და ქვეყანამ გაარღვიოს მოჯადოებული წრე.
„ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ვფიქრობ, რომ ის რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი, პრინციპულად და მთელი ძალისხმევის მობილიზებით, აღარ არის საკმარისი. მარტო ან თანამოაზრეთა მცირე ჯგუფში ყოფნით ვერ აკეთებ იმას, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება: რეალური ცვლილებები და რეალური გამარჯვებები. არსებობს პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობა, საჭირო დროს გადადგა საჭირო ნაბიჯი, მე ეს ნაბიჯი გადავდგი და ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას. ყოველი დღე, რომელიც იკარგება არა წინსვლაში, განვითარებასა და გაძლიერებაში, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაში, დაპირებების მოსმენაში, რომლებიც არ სრულდება, ყოველი დღე, რომელიც მოქალაქეებს სიღარიბესა და უიმედობაში ტოვებს, არამარტო ჩვენი არამედ ჩვენი შვილების ხარჯზე, მათი ჯანმრთელობის, სიცოცხლის და მომავლის ხარჯზე დაკარგული დროა. დღეს უამრავი ახალგაზრდა ფიქრობს, როგორ დატოვოს ეს ქვეყანა, რადგან ვერ ხედავს საკუთარი ნიჭის და უნარის აქ რეალიზების შესაძლებლობას.
მე როგორც დედას, როგორც მოქალაქეს, ამ ყველაფერთან შეგუების უფლება არ მაქვს, ამიტომ მოგმართავთ თქვენც – ძალების გაერთიანების დროა! მაყურებლის როლში დარჩენა, როცა ვხედავთ, როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს და უკეთესი მომავლის პერსპექტივას, ვერ იქნება ჩემი არჩევანი. დღევანდელ მოცემულობაში დიდი შეცდომაა ჩვენს შორის განსხვავებებზე ფიქრი, ნაცვლად იმისა, რომ დავინახოთ ფუნდამენტური საკითხები, რაც თითოეულს გვეხება, გვაღელვებს და რომლებსაც ცალცალკე დგომით ვერავინ მოვაგვარებთ. სწორედ ამ მოძრაობაში ვხედავ რეალურ ძალას და რესურსს, გავარღვიოთ შეცდომების და დანაშაულების მოჯადოებული წრე და შევქმნათ თვისობრივად ახალი რეალობა: ადამიანის ღირსების აღიარებასა და დაცვაზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც მოგვიშუშებს წარსულის იარებს და წინ წაგვიყვანს, საქართველოს და თითოეული ჩვენგანის გამარჯვებისკენ!“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.