სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩევლის დანიშვნა საქართველოში  აშშ-ის ელჩად,  ანაკლიაში  ამერიკის სამხედრო-საზღვაო  ბაზის  გახსნას უკავშირდება.

  იან კელი კელი დეგნანმა შეცვალა, რადგან ვაშინგტონში საქართველოს საკითხს ფარულად წყვეტენ. ამ ძარღვმაგარი ქალბატონის საბრძოლო ბეგრაუნდის (კოსოვო, ავღანეთი, თურქეთი) გაცნობისას, რომელსაც სამხედრო ფორმა ძალიან უხდება, განსაკუთრებით მისი ბოლო თანამდებობის გათვალისწინებით – ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი, ადვილი მისახვედრია, რომ მისი საქართველოში გადმოყვანა რეგიონში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას ემსახურება, კერძოდ – ანაკლიის პორტის მშენებლობის დაჩქარებას, იქ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზის განსათავსებლად. აგრეთვე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემების რეგულარული ყოფნის უზრუნველსაყოფად საქართველოს მოქმედ პორტებში – ბათუმსა და ფოთში. ამას ხომ საჯაროდ არ იტყვიან, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებმა რომ არ დაასწრონ, რომლებიც იქვე იმყოფებიან – აფხაზეთსა და ყირიმში?!

     აშშ-ის სამხედრო- საზღვაო ბაზის გახსნა ანაკლიაში ერთადერთი ვარიანტია ამ ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად

     მოგეხსენებათ, ანაკლიის პროექტი ჩაფიქრებული იქნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2009 წელს, ამ უკანასკნელის თბილისში ვიზიტის დროს, მაგრამ შეჩერდა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიყვანა, ჭაობების დაშრობა, მოსახლეობისგან მიწის ნაკვეთების შესყიდვა და ა.შ. ასევე სამუშაოების დაწყება ფსკერის გაღრმავებისთვის. 2.5 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტი პირველ ეტაპზე 600 მლნ დოლარზე მეტს მოითხოვდა. მთავრობამ 100 მლნ აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფის პირობა დადო, ხოლო კონსორციუმს 120 მილიონის ინვესტიციები უნდა ჩაედო, დანარჩენი 400 მილიონი კი კონსორციუმს კრედიტის სახით უცხოელი ინვესტორებისგან უნდა მოეზიდა. მაგრამ სააკაშვილს მალე ანაკლიისთვის აღარ სცხელოდა და ბაიდენი, თავის ვაჟ ჰანტერთან ერთად, უკრაინაში ფიქალის გაზთან დაკავშირებულ აფერებზე გადაერთო.

საქართველოში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ერთადერთი, ვინც თავისი ვალდებულებები შეასრულა, საქართველოს მთავრობა იყო, რომელმაც 70 მლნ აშშ დოლარამდე გადარიცხა, ხოლო კონსორციუმის ქართველი დამფუძნებლები – ბანკირები მამუკი ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე (TBC Holding) – მაქინატორები და ავანტიურისტები აღმოჩნდნენ, რომლებსაც არ გააჩნდათ საჭირო თანხა. ახლა კი ისინი გამოძიების ქვეშ იმყოფებიან 17 მლნ დოლარის “გათეთრებისთვის” და იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ „ანაკლიისგანვითარების კონსორციუმისა“ და „TBC ბანკის“ხელმძღვანელობა. პროექტის ჩაფლავების გამო, თანამდებობიდან სამარცხვინოდ გააძევეს „ანაკლიის“ ლობისტი საქართველოს მთავრობაში – პრემიერ-მინისტრი გიორგიკვირიკაშვილი.

ასეთი ვითარების შემხედვარე ამერიკელმა დამფუძნებელმა – კომპანია „Conti International LLC“– მა სულაც დატოვა კონსორციუმი და დღეს იგი ჩაანაცვლა ამერიკულმა „SSA Marine“– მა. ფულის გადახდაზე ასევე უარი განაცხადეს სხვებმა, პროექტში მოგვიანებით ჩართულმა თანადამფუძნებლებმაც – „British Wondernet Expres“-მა (ცენტრალური აზია) და „G-Star LTD”-მ (ბულგარეთი).

     ბულგარულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების თანახმად, ბულგარული კომპანია „G-Star LTD“ ჩართულია ოფშორულ მაქინაციებში, ბულგარული, რუსული და ჩეხური კომპანიების, შვეიცარიის ბანკების, რუსული „Сбербанк“-ისა და პაატა გამგონეიშვილის  მონაწილეობით – რუსი ბიზნესმენის, რომელსაც მინიმუმ სამი ქვეყნის – რუსეთის, საქართველოსა და ბულგარეთის, მოქალაქეობა აქვს, ასევე მისი პარტნიორი დავით ქობლიანიძის  მონაწილეობით, რომლებიც თავისი გაქანებით, როგორც ჩანს. ხაზარაძესა და  ჯაფარიძეზე შეუდარებლად დიდი კრიმინალები არიან.

   რისი იმედი ჰქონდათ ხაზარაძესა და მის საიდუმლო პარტნიორს, პრემიერ კვირიკაშვილს, როცა უფულოდ იწყებდნენ იმ პორტის მშენებლობას, 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 9 ფაზაზე რომ იყო გათვლილი, რის შემდეგაც ის ყოველწლიურად 100 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებდა? იმ დროისთვის ხომ ისინი ცოცხლებიც არ იქნებიან და საკონტეინერო გადაზიდვებით მიღებულ რა მოგებაზეა ლაპარაკი?!

აშკარაა, რომ ისინი იმედოვნებდნენ იმავეს, რასაც თავის დროზე სააკაშვილი ბაიდენთან ერთად – ანუ გამდიდრებას მშენებლობის მიმდინარეობისას, პროექტის  პირველივე ეტაპზე, ქართული  სახელმწიფოსა და უცხოელი ინვესტორების მიერ მიზნობრივი საჭიროებისთვის გამოყოფილი  თანხების მოპარვითა და „გათეთრებით“!

   ასეა თუ ისე, კონსორციუმი ”გასკდა” და დღეს ანაკლიის პორტის აშენების ერთადერთი ვარიანტია პროექტის გადაცემა პენტაგონისთვის, რომელიც იქ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზას გახსნის, რაც იდეალურად ჯდება ნატო-სკონცეფციის ფარგლებში შავი ზღვის  რეგიონულიუსაფრთხოების შესახებ,  სადაც საქართველოს თავისი ნავსადგურებით მთავარი  როლი ენიჭება.

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი