23 წლის ნათია ჩუბინიძე ორ მცირეწლოვან ბავშვთან და დედასთან ერთად ახალციხეში, რუსთაველის N113 კორპუსთან მდებარე, საქვაბის შენობაში, ე.წ კაჩიგარიაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ოჯახი შენობაში უკანონოდ ცხოვრობს, რადგან ქირის ფულის გადახდა არ შეუძლიათ, თუმცა ამ შენობასაც სახურავის პრობლემა აქვს და წვიმის დროს წყალი ჩადის.
„თბილისში ვიყავი გათხოვილი, ქმარს რომ გავშორდი და წამოვედი, დედასთან ერთად ქირით დავიწყე ცხოვრება. 150 ლარი იყო გადასახდელი და ვერ ვიხდიდით. ამიტომ ნაცნობმა გვირჩია აქ მოვსულიყავით. ამ შენობაშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. საწოლებიც კი გვისველდება და ბავშვები ნესტში და სისველეში მყავს“, – ამბობს ნათია.
მისივე თქმით, სახურავის შეცვლის თხოვნით ახალციხის მერიაში განცხადება დაწერა, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიიღო: „ვიყავი მერიაში და ვთხოვე „შიფერით“ დამხმარებოდნენ. პასუხი მომივიდა, რომ ეს შენობა მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის და ვერ დაგაფინანსებთო. ცოტა მაინც რომ დაგვხმარებოდნენ და მასალა ეყიდათ, მერე ვინმეს ვთხოვდი და გადავახურებინებდი. ამ შენობაში სამი-ოთხი ოჯახი ვართ და მარტო ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა, სხვებმა თვითონ შეცვალეს სახურავი“.
არც ნათიას და არც დედას სამსახური არ აქვს, არ იღებენ პენსიას და არც ბავშვების ალიმენტს. გარდა ამისა, ნათიას ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს: „ჩემი ყოფილი ქმარიც სოციალურად დაუცველია, ალიმენტს არ ვიღებ. შემოსავალი არსაიდან გვაქვს. მხოლოდ სოციალურ დახმარებას ვიღებდით 350 ლარს, მაგრამ შეგვიწყდა. მე წამლებს ვსვამ და პრობლემები მაქვს“.
ოჯახს სოციალური დახმარება ერთი თვის წინ შეუწყდა. ნათიას თქმით, მისამართის შეცვლის შესახებ მან სააგენტოს არ შეატყობინა, რის გამოც დახმარება მოუხსნეს: „მისამართი შეგნებულად დავმალე, რადგან შემეშინდა, რომ მომიხსნიდნენ დახმარებას და ბავშვები მშვივრები დამრჩებოდნენ. ამიხსნეს, რომ ჯობდა მეთქვა მისამართი, იმიტომ, რომ მოხდებოდა გადამისამართება. ახლა გაიგეს, რომ მისამართი შევიცვალე და ამიტომ ხელახლა დავწერე განცხადება“, – ამბობს ნათია.
სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ჩუბინიძეებთან სოციალური აგენტი ექვს სექტემბერს იმყოფებოდა და ახალი დეკლარაცია შეავსო: „უნდა დაველოდოთ ქულას. ეს ქულა გადაწყვეტს ექნება თუ არა დახმარება. თუ მდგომარეობა ნამდვილად ასეთია, სავარაუდოდ, დაბალი ქულა მოვა“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით გოგალაძე.
გარდა იმისა, რომ სახლში წყალი ჩამოსდით, ჩუბინიძეებს მცირეწლოვნებისთვის ტანსაცმელი და სურსათიც ესაჭიროებათ. ნათია ამბობს, რომ ბავშვები ბაღში წელს პირველად მიიყვანა, რადგან აქამდე ჩასაცმელი არ ჰქონდათ: „გოგო ხუთი წლისაა, ბიჭი ორის. აქამდე საბავშვო ბაღში ვერ დამყავდა, იმიტომ, რომ ტანსაცმელი არ მქონდა. ახლა ნაცნობი გოგოებისგან ავიღე რაღაცები ნისიად. სოციალური დახმარების მოხსნის შემდეგ მეშინია, რომ მერია პროდუქტსაც აღარ მოგვიტანს. აქამდე სამ თვეში ერთხელ მოჰქონდათ ხოლმე“.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ჩუნიძეების ოჯახი სასურსათო პაკეტს ისევ მიიღებს. რაც შეეხება შენობის გადახურვისთვის საჭირო მასალის შესყიდვას, ამაზე თვითმმართველობაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ: „მერია საქმეს შეისწავლის. რაც შეეხება სასურსათო პაკეტს, ოჯახი სიაში არის და კვარტალურად, როგორც იღებენ ხოლმე დახმარებას, ისევ ისე მიიღებენ“, – განმარტეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
მერიაში პასუხი არც იმაზე აქვთ, არის თუ არა ყოფილი საქვაბის შენობა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში.
[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]