ცხინვალის დეფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი ორ გამშვებ პუნქტზე „რაზდახანსა“ და „სინაგურში“ ჩაკეტა

ცხინვალის დეფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი ორ გამშვებ პუნქტზე „რაზდახანსა“ და „სინაგურში“ ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Res-ი ცხინვალის დეფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. საზღვარი ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით ჩაიკეტა, რომელიც ვითარების ნორმალიზების შემდეგ გაიხსნება.
7 სექტემბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვები დააწესეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეს ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.