აპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი გია ჟორჟოლიანი ახალი მთავრობის დამტკიცებას მხარს უჭერს.
როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, პერსონალური ცვლილებები, რომელიც ამჟამად ხორციელდება, წესრიგისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის არჩევნებამდე შენარჩუნებული იყოს სტაბილური ვითარება, რათა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ. ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა, მისი მხარდამჭერები და სატელიტი პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ არეულობის და დაპირისპირებების მოწყობას. ახალმა მთავრობამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.
თუმცა მას მიაჩნია, რომ აუცილებელია ძირეული პოლიტიკური ცვლილება, რაც გამოიხატება არა მხოლოდ პერსონების ცვლაში, არამედ პოლიტიკურ გარდატეხაში.
მისი მოსაზრებით, სტაბილურ და მშვიდ ვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარიმართოს კონკურენციის პირობებში, რომელიც აღარ იქნება გაჟღენთილი მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირებებით, ბრალდებებით, ერთმანეთის დისკრედიტაციის მცდელობით და პიარ კამპანიებით.
„გზა უნდა გაეხსნას ახალ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ წარდგებიან საკუთარი პლატფორმებით, ეკონომიკური ხედვებით და პროგრამებით. ამის შემდეგ უკვე ხალხი გადაწყვეტს, რომელი იქნება მეტი კეთილდღეობისა და განვითარების მომტანი. ჩვენ გვჯერა, რომ ახალ პრემიერს და მთავრობას ძალუძს 2020 წლამდე პერიოდი მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში განვვლოთ, ამიტომ ჩვენ სამთავრობო ცვლილებებს მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.