“ევროპული საქართველოს” რუსთავის ადგილობრივმა წევრებმა, მოსახლეობასთან ერთად, კიდევ ერთი აქცია მოაწყვეს, “ალია” ესაუბრა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს.
ნინო იმედაშვილი:
“ქ. რუსთავის სპორტის ჩიხი და მისი მიმდებარე ტერიტირია, ფიროსმანი, ოდიშარია და ა.შ. – 20 ქუჩა, როგორც მერიამ, იანვარში გვითხრა, ნახევარი მილიონის სანაცვლოდ უნდა მოწესრიგებულიყო. მარტში მერიამ შეარჩია კომპანია შპს “ჯეოსერვისი”, რომელმაც აიღო 60 000 და დატოვა აბსოლუტურად მოუწესრიგებელი გზები, გადათხრილი და ღია ჭებით, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამ ზაფხულს ბავშვი ჩავარდნილა.
მერიის წარმომადგენლები ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას, ამ კომპანიას გაემიჯნენ და თქვეს, რომ ეს ყველაფერი ამ ცუდი კომპანიის ბრალია და ჩვენ არაფერ შუაში ვართო.
ეს არ არის პირველი, რუსთავში არა ერთი ასეთი შემთხვევაა, მაგალითად: კომპანია შპს “გზატკეცილ +”, რომელზეც აუდიტის სამსახური წერდა, რომ გაუკეთებელ და დაუსრულებელ საქმეში, მერიამ გადაუხადა ფული 2017 წელს! თუმცა, 2019 წელს, იგივე კომპანიამ 5 ტენდერი მოიგო და ამ ხუთი ტენდერის საერთო თანხას შეადგენს 2,868,780 ლარს.
იგივე მოხდა კომპანია შპს “ჰერიო”-ს შემთხვევაში – ანალოგიურად დატოვა ჩაბნელებული, მოუწესრიგებელი გარემო, სადაც არა ერთი ავარია მოხდა უკვე ღამით.
მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ რუსთავის მერიას, რადგან სწორედ მერია ატარებს ტენდერს, მერია ირჩევს კომპანიას, მერია ატარებს მონიტორინგს და არანაირი დროული რეაგირება არ მოუხდენია არც ერთი შემთხვევის დროს. მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილო და შეწუხებულია არსებული მდგომარეობით. გასაგები გახდა უკვე, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია მართვა, ამიტომ, ამ ეტაპზე, მოსახლეობის თხოვნაა, დროებით მაინც გადაასწორონ გზები, სანამ ჩატარდება ახალი ტენდერი და კიდევ ერთი კომპანია ეცდება გზის მოწესრიგებას დიდი თანხის სანაცვლოდ.” ვუერთდები რუსთაველების მოკრძალებულ თხოვნას! მანამდე კი, იქნებ, შესაბამისმა სამსახურმა გაარკვიოს, რა ხდება რუსთავის მერიის თავს, კორუფცია, ნეპოტიზმი, დაუდევრობა – რომელი
თამო კეშელავა
გაზეთი ალია