ინაშვილმა დევიდ კრემერს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. 

ვიცესპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით მაინც გამოვიდა. მანამდე პოლიტიკოსის ღონისძიებაზე გამოჩენას ხმაური მოჰყვა. ინაშვილი კონფერენციაზე მიწვეული არ იყო, თუმცა მასზე დასწრება მაინც გადაწყვიტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, პროვოკაცია არ ყოფილა და არც მოხდება. ჩვენ ვართ ცივილიზებული ადამიანები და ყოველთვის მომხრე ვართ სიმშვიდის, წესრიგის და არა დესტრუქციის“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
სიტყვით გამოსვლის დროს მან „ევროპული საქართველოს“ გამოსვლის შეფასება სცადა, რა დროსაც დისკუსიების მონაწილემ, ამერიკელმა დიპლომატმა კურტ ვოკერმა ინაშვილს სთხოვა, შეკითხვაზე გადასულიყო. მასთან ერთად დისკუსიაში ამერიკელი დიპლომატი, ატლანტიკური საბჭოს წევრი დენიელ ფრიდიც მონაწილეობდა.
„კითხვაზე გადავდივარ. ჩვენ ვართ საქართველოს პარტნიორები. ჩვენ ვაფასებთ დასავლეთის მხარდაჭერას. მაგრამ გუშინ, ბევრი ციტატა დამახინჯებული იყო ბატონი ბოკერიას მხრიდან, ეს არის ტყული და ცილისწამება. ისინი ცდილობენ, თქვენზე შეინარჩუნონ მონოპოლია და მუდმივად გიმტკიცებდნენ, რომ არიან პროდასავლურები და ჩვენ (ქართველი ხალხი) ქვეყნის მტრები და აგენტები ვართ.
დასავლურობა მათ ესმით, როგორც ადამიანთა წამება, მიტინგების დარბევა, ბიზნესმენების ქონების წართმევა, არჩევნების გაყალბება და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება მტრებისთვის. ეს არ არის დასავლური ღირებულებები, ეს არის ბოლშევიზმი და ფაშიზმი. ამიტომ იცოდეთ, როდესაც ბოკერიები, სააკაშვილები და მათი ექსპერტები ჩვენზე საუბრობენ, ყველაფერი ტყუილია. ჩემი შეკითხვაა – არის თუ არა ადამიანების წამება დასავლური ღირებულებები და საჭიროა თუ არა რუსეთთან პირდაპირი დიალოგი“, – განაცხადა ინაშვილმა და დევიდ კრემერს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
მანამდე პოლიტიკოსსა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს შორის კამათი ღონისძიებაზე ინაშვილის მისვლას მოჰყვა. როგორც თავად ამერიკელმა დიპლომატმა განმარტა, ინაშვილი უხეშობდა და შლიდა კონფერენციას