ურსულა ფონ დერ ლაიენი ფოტო: shutterstock.com

ევროკომისიას 13 ქალი და 14 კაცი ევროკომისარი ეყოლება.

ევროკომისიის ახალმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის თანამდებობებზე დასანიშნი პირების სია წარადგინა. როგორც BBC წერს, თუ სიას ევროპარლამენტი დაამტკიცებს, ევროკომისიას ისტორიაში ყველაზე გენდერულად დაბალანსებული კაბინეტი ეყოლება – ევროკომისიას 13 ქალი და 14 კაცი ევროკომისარი ეყოლება.

BBC-ის ცნობით, სიაში მყოფ პირებს რთულ გამოწვევებთან მოუწევთ მუშაობა, როგორიც არის 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა და კლიმატის ცვლილება.

თავად ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის მოქმედ პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს თანამდებობაზე ოფიციალურად 1 ნოემბერს შეცვლის.

თითოეული კომისარი, რომელიც ევროკავშირის წევრი თითო ქვეყნიდან არის, თანამდებობებს 5 წლით დაიკავებენ.