სტამბულის” ბაზრის მოვაჭრეები დილის საათებში გაიფიცნენ. დახურული იყო ყველა სექცია.

რუსთავში, “სტამბულის” ბაზრის ადმინისტრაცია, ქალაქის მერთან ერთად აქციის მონაწილეებს შეხვდა და მოლაპარაკებას აწარმოებდა. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მოვაჭრეებს გადასახადი ჯერჯერობით არ გაეზრდებათ და ტარიფი უცვლელი, 3.5 ლარი დარჩება.

“ხვალიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი რომელიც დაადგენს რა თანხის გადახდა მოუწევთ და მოემატებათ თუ არა მოვაჭრეებს გადასახადი” – განაცხადა “სტამბულის” ბაზრის მენეჯერმა მამუკა ცხოვრებაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. “სტამბულის” ბაზრის მოვაჭრეები დილის საათებში გაიფიცნენ. დახურული იყო ყველა სექცია.

ბაზრის თანამშრომლები დახლის გადასახადის მომატებას აპროტესტებენ. მოვაჭრეების ყოველდღიური გადასახადი 1 დახლზე 3,5 ლარია, ადმინისტრაცია კი ფასის 1 ლარით გაზრდას გეგმავდა. ბაზარში დასაქმებულები აცხადებდნენ რომ, გაზრდილი ტარიფის გადახდის საშუალება არ აქვთ და იძულებულები იქნებოდნენ დახლები დაეხურათ.

ადგილზე იმყოფებოდა “სტამბულის” ბაზრის მენეჯერი. მამუკა ცხოვრებაძე მოვაჭრეებს გაესაუბრა და შესთავაზა გადასახადის 1 ლარის ნაცვლად 0.50 ლარით მომატება, თუმცა მოვაჭრეები არც ამ შეთავაზებას დათანხმდნენ. ბაზარში მალევე გამოჩნდა ქალაქის მერი. ირაკლი ტაბაღუა თავდაპირველად მოვაჭრეებს გაესაუბრა, მოგვიანებით კი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

“სტამბულის” ბაზრის მენეჯერმა მამუკა ცხოვრებაძემ გადასახადის მომატების თაობაზე “ინფო რუსთავს” განუცხადა, რომ – “შემოვიდა ბევრი ახალი რეგულაცია, რის შემდეგაც გაგვეზარდა გადასახადები, ჩვენ ვიხდით მოვაჭრეების და მათი საქონელის დაზღვევის ფულს. 2013 წელშიც 3.5 ლარი იყო გადასახადი და 2019 წელსაც 3.5 ლარი ვერ იქნება, იმიტომ რომ მოიმატა გადასახადებმა. მოვაჭრეების კომფორტისთვის გაკეთდა ბევრი რამ, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული”.

rustavi,info