ჩვენ მზად უნდა ვიყოთ კოორდინირებულად და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ ინციდენტების დროს შავ ზღვაზე

ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენცია (15th  Black Sea Search and Rescue Conference) გაიხსნა – ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ გახსნეს.
კონფერენცია 11-12 სექტემბერს იმართება და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და შავ ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება. კონფერენცია ყოველ წელს ტარდება შავი ზღვის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქში, საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ღონისძიებას, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ კოორდინირებულად და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ ინციდენტების დროს შავ ზღვაზე. შესაბამისად, შავი ზღვის სანაპიროს ქვეყნები ყოველწლიურად მართავენ ამ კონფერენციას იმისთვის, რომ გავცვალოთ გასული წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია და გამოცდილება. საქართველო მზად არის, გაუმკლავდეს გამოწვევებს შავ ზღვაზე და მაღალ დონეზე შეასრულოს ძებნა-გადარჩენის ფართომასშტაბიანი ოპერაციები“,- განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.