შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან გამართა.
ვახტანგ გომელაურმა ელიზაბეთ რუდთან შეხვედრა აშშ-ში 18 წლის წინ, 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტზე საუბრით და ამერიკელი ხალხის მიმართ სამძიმრით დაიწყო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას წლების მანძილზე სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც აშშ-ის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის პრევენციისა და საზღვრის დაცვის სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.
მხარეებმა განიხილეს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.