“პირველი რადიოსათვის” ცნობილი ხდება, რომ დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და მოლდოვას პრემიერს კირილ გაბურიჩს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც “პირველ რადიოს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ითხოვდა მოლდოვას მთავრობის მეთაურისაგან არ შედგეს მოლდოვაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი და მოლდოვამ არ მიიღოს რეფორმებში სააკაშვილის დახმარება.
ინფორმირებული წყაროს ცნობით საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მის მოლდოველ კოლეგას შორის საუბარი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა და ირაკლი ღარიბაშვილი დაემუქრა კირილ გაბურიჩს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი მიწვეული იქნებოდა მოლდოვაში რეფორმების საკითხებში მრჩევლის რანგში მაშინ ეს ნაბიჯი ნეგატიურ გავლენას იქონიებდა საქართველოსა და მოლდოვას ურთიერთობებზე.
“პირველი რადიო” ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურს დაუკავშირდა. კითხვაზე შედგა თუ არა დღეს სატელეფონო საუბარი ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრებს შორის, მანანა თოქმაჯიშვილმა გვიპასუხა, რომ “მე არ ვფლობ ინფორმაციას მსგავსი სატელეფონო საუბრის შესახებ, თუ იქნება საჯარო ინფორმაცია ჩვენ გავავრცელებთ ამ ცნობას”-განაცხადა თოქმაჯიშვილმა.
ამ წუთებში კი მოლოდოვას დედაქალაქში იმყოფება მიხიელ სააკაშვილის მიერ დაკომპლექტებული რეფორმების ჯგუფი, რომელიც მოლდოვას მთავრობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. შეგახსენებთ რომ რამოდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა კიევში მოლდოვას მთავრობის ხელმძღვანელი მიიღო. შეხვედრის დროს გაბურიჩმა სააკაშვილის რეფორმების გატარებაში დახმარება სთხოვა.
http://pirveliradio.ge (არქივი 2015)