აშშ-ში დოკუმენტური სერიალის The Day The World Changed (დღე როცა შეიცვალა მსოფლიო) გადაღებები დაიწყო. ფილმში 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარ ტერაქტსა და მუზეუმის 9/11-ის შექმნის შესახებ იქნება მოთხრობილი.
Deadline-ს ცნობით, სერიალი 8 ეპიზოდისგან შედგება და ფილმის რეჟისორი სტივენ როზენბაუმი და პამელა იოდერი იქნებიან.
გამოცემის ცნობით, სერიალის შემქმნელებს აქვთ ექსკლუზიური წვდომის უფლება 670 საათიან ვიდეოზე, რომელსაც 7 წლის განმავლობაში მუზეუმ 9/11-ის შემქმნელი გუნდი იღებდა.
დოკუმენტური ფილმი ეკრანებზე 2021 წელს 11 სექტემბრის 20 წლისთავისთვის გამოვა.
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი აშშ-ში 19 წლის წინ მოხდა. 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი შეიპყრეს, ორმა მათგანმა გეზი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებისკენ აიღო, ორი კი სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა — პენტაგონისა და სავარაუდოდ, თეთრი სახლის ან კაპიტოლიუმის მიმართულებით. ერთის გარდა ყველა თვითმფრინავმა, დასახულ სამიზნეს მიაღწია. მეოთხე ლაინერმა პენსილვანის შტატში კატასტროფა განიცადა.