აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროს დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება.

2019 წელს (იანვარი-ივლისი) დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ინფორმაციის განვითარების ცენტრი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში სულ დარეგისტრირდა 38 748 დანაშაული, რაც 17,23% ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2019 წელს ასევე, უარყოფითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 4%-ით გაუარესდა. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებლები შემცირებას.

2018 და 2019 წლების განვლილ წლებთან შედარება, მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს წინა წლებში დანაშაულის რეგისტრირებული მაჩვენებელი, რამდენად განპირობებული იყო მხოლოდ მეთოდოლოგიურად არაეფექტიან აღრიცხვასთან და არ იყო კავშირში სასურველი შედეგის მიღების მიზნით სტატისტიკის ფალსიფიკაციასთან. მაგალითად, 2019 წლის მხოლოდ 7 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა უკვე აღემატება 2014-2017 წლებში მთელი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. ხოლო, შესაბამის პერიოდებთან (საწყისი 7 თვე) შედარებით 2019 წელს აღრიცხული მაჩვენებლები დაახლოებით გაორმაგებულია. ასევე, აღრიცხვიანობის სისტემის შეცვლამ როგორც ჩანს მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გახსნის მაჩვენებლების სიზუსტეზე. მაგალითად 2017 წლის 7 თვეში გახსნის მაჩვენებელი 53,82%-ს შეადგენდა, რაც 2019 წელს 32,28%-მდე არის შემცირებული.

რეგისტრირებული დანაშაულის საერთო მაჩვენებლის გაურესების მიზეზების სრულფასოვანი ანალიზისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალკეული დანაშაულების მიხედვით არსებული დინამიკის ანალიზი. სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით მხოლოდ სატრანსპორტო და სამოხელეო დანაშაულთა ჯგუფების მაჩვენებლები შემცირდა. სხვა რეგისტრირებულ დანაშაულთა ჯგუფის ზრდის მაჩვენებელი 4%-დან – 33%-მდე მერყეობს. მაგალითად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 33%-ით არის გაზრდილი, რაც უმეტესწილად მუქარის მუხლით გამოვლენილი დარღვევების 393 შემთხვევით მატებამ განაპირობა.

წინა წელთან შედარებით, 26%-ით არის გაზრდილი ნარკოტიკული დანაშაულების რიცხვი. მათ შორის, ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების მუხლით რეგისტრირებულია 257-ით მეტი შემთხვევა, ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებითი მოხმარებაზე – 227-ით მეტი შემთხვევა. ამ კატეგორიის დანაშაულების მატება, გარკვეულწილად შესაძლებელია წინა წელთან შედარებით კონტროლის გამკაცრებით აიხსნას.

2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 16%-ით გაუარესდა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჯგუფში გაერთიანებული დანაშაულების მაჩვენებელი. მათ შორის აღსანიშნავია, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული საქმეების რაოდენობის 15,5%-ით (168 შემთხვევით) მატება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განზრახ მკვლელობების რიცხვი 54%-ით (25 შემთხვევით ნაკლები) შემცირდა, თუმცა ამავდროულად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობების რიცხვი 43,7%-ით (7 შემთხვევით მეტი) გაიზარდა.

2019 წელს კვლავ მნიშვნელოვნად (19,6%-ით) გაიზარდა საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი. საიდანაც ყველაზე დიდი ზრდა კვლავ (+2265 შემთხვევა) ქურდობაზე მოდის. ქურდობის მაჩვენებლის მსგავსი ზრდის ფონზე აღსანიშნავია ყაჩაღობის შემთხვევების 8%-ით კლება.

მიმდინარე წელს ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი (+305 შემთხევა, +10,38%) გაუპატიურების მაჩვენებელი (+18 შემთხევა, +36%) და კომპიუტერული დანაშაულის მაჩვენებელი (+610 შემთხვეა, +130%) რომელიც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას და ხელყოფას.

საწყისი 7 თვის განმავლობაში, რეგისტრირებული დანაშაულთა რაოდენობის ზრდამ დანაშაულის ჯგუფების მიხედვით უარყოფითი გავლენა იქონია მათი გახსნის მაჩვენებელზე. მაგალითად, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი 27,77%-დან 19,74%-მდე შემცირდა, ნარკოტიკული დანაშაულის – 84,8%-დან 77,04%-მდე. თუმცა, ვხვდებით შემთხვევებს როდესაც დანაშაულის რაოდენობის ზრდასთან ერთად, მისი გახსნის მაჩვენებელი პირიქით გაუმჯობესდა. მაგალითად, მიუხედავად იმისა რომ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი 33%-ით გაიზარდა, მისი გახსნის მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროს დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება.

ცალკეული დანაშაულების (ოჯახში ძალადობა, მუქარა და სხვა) ზრდის მიზეზად, განვლილი წლების მსგავსად შესაძლებელია განხილულ იქნას სამინისტროს დასახელებული ერთ-ერთი ფაქტორი, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისად, პოლიციისადმი მიმართვიანობის მატებას უკავშირდება. თუმცა, წინა წლის ანალოგიური მეთოდოლოგიით სტატისტიკის აღრიცხვიანობის პირობებში, ისეთი დანაშაულების მატება მაგალითად როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, გაუპატიურება, კრიმინოგენური მდგომარეობის გარკვეულ გაუარესებაზე მიუთითებს. ასევე, კრიმინალთან ბრძოლის კონტექსტში სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, მნიშვნელოვნად კითხვის ქვეშ აყენებს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის კლების ტენდენცია.

ანალიზი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ