„საქართველოს დამანგრეველმა, დასავლეთიდან მართულმა, ე. წ. ლიბერალურმა ძალებმა უკვე მიგვაჩვიეს, რომ საკამათო გახდა 2008 წლის აგვისტოს ომის დამწყების ვინაობა – თითქოს ყველა ამნეზიამ მოგვიცვა, ისე ცდილობენ, 11 წლის მანძილზე, ჯიუტად და უხეშად, ვირწმუნოთ, რომ „მიშა არაფერ შუაშია“. ეს თავისთავად პარადოქსია. მაგრამ ვინ იფიქრებდა, თუნდაც ოციოდე წლის წინ, რომ საკამათო გახდებოდა მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზები და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო სასტიკი ომის დამწყების ვინაობა. მაგრამ ისტორიის რევიზიას პირდაპირი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩემს სტატიებში არაერთი მაგალითი მომიტანია, თუ როგორ შეიძლება ისტორიის გამოყენება პოლიტიკურ იარაღად და როგორ გამოიყენება კიდეც. ისტორიის, როგორც პოლიტიკური იარაღის, შემთხვევაში, საქმე გვაქვს პროპაგანდასთან, ადამიანთა ცნობიერებისა და განწყობებისათვის ბრძოლასთან, საზოგადოებრივი აზრზე ზეგავლენის მოსახდენად ამა თუ იმ კონკრეტული მხარის სასარგებლოდ.
მეორე მსოფლიო ომის თემა იქცა ასეთი პროპაგანდის ობიექტად პოსტსაბჭოთა სივრცეზე. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის მონაწილეობას და საბჭოეთის ხალხების მიერ ფაშიზმის დამარცხებას. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუს ხალხთან ერთად, ფაშიზმის დამარცხებაში არსებითი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკამ და ყველა ხალხმა. რუსები ღვაწლს არც დასავლელ მოკავშირეებს უკარგავენ. მაგრამ სწორედ ეს არ აძლევს ხელს დღევანდელ დასავლეთს, რომელსაც სურს, რომ პოსტსაბჭოთა ხალხებს რუსეთის მიმართ ნეგატიური განწყობა ჰქონდეთ, ნაცვლად ერთიანი ისტორიული ცნობიერებისა.
დასავლური პროპაგანდა, რუსეთთან გაფიცხებული პოლიტიკური დაპირისპირების, ეკონომიკური სანქციების, მზარდი შეიარაღების ფონზე, ამკვიდრებს „ნარატივს“, რომ მეორე მსოფლიო ომი, ფაქტობრივად, ჰიტლერსა და სტალინს შორის 1939 წელს დადებული თავდაუსხმელობის ხელშეკრულების შედეგია; თურმე, რომ არა პოლონეთის გაყოფა გერმანია-საბჭოთა კავშირს შორის, მსოფლიო ომი არ დაიწყებოდა – ჰიტლერი ვერ გაბედავდა პოლონეთზე თავდასხმას. აქვე აღვნიშნავ მეორე დასავლურ „ნარატივს“, რომლის მიხედვით, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხება უფრო დასავლეთის დამსახურებაა, ვიდრე საბჭოეთის, თუმცა ამ თემაზე შედარებით მეტი კონტრარგუმენტიც გამოქვეყნებულა ქართულ პრესაში, ამიტომ ყურადღების ცენტრში, წინამდებარე სტატიის ფარგლებში, სწორედ გერმანია-სსრკ ხელშეკრულებასა და პოლონეთის საკითხს დავტოვებ.
საქართველოში უხვად არიან დასავლეთის მიერ დაფინანსებული სადეზინფორმაციო საშუალებები, რომელთაგან მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე ბოლო ხანებში განსაკუთრებით „რადიო თავისუფლება“ გააქტიურდა. თუმცა ამ მხრივ მას ტოლს არც სხვა დეზინფორმატორები და დემაგოგები უდებენ. ყველა ციტატს და მოსაზრებას ვერ გამოვეკიდები, ამიტომ შევარჩიე ორი ციტატი, რომელიც კონცენტრირებულად გამოხატავს ლიბერალური პროპაგანდის ძირითად პოსტულატებს, ჩვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ასე, 2010 წლის 1-ლ აგვისტოს ჟურნალმა “ტაბულამ“ გამოაქვეყნა მასალა სათაურით „რატომ უნდა გვახსოვდეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი”, სადაც სწორედ ეს კონცენტრირებული დეზინფორმაციული პროპაგანდაა მოცემული:
“რუსული ველიკოდერჟავული იდეის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად ფაშიზმზე გამარჯვება დიდი ხანია იქცა. საბჭოთა კავშირში ეფექტურად დაინერგა რამდენიმე მითი: ბევრს ჯერაც ჰგონია, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო არა 1939 წლის პირველ სექტემბრს, არამედ ორი წლის შემდეგ. „დიდი სამამულო ომის” ცნების დამკვიდრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ამ ორწლიანი პერიოდის წაშლა იყო. ეს ბუნებრივია, რადგან მეორე მსოფლიო ომი არ დაიწყებოდა, რომ არა სტალინის ალიანსი ჰიტლერთან, რომელმაც ამ უკანასკნელს პოლონეთზე თავდასხმის საშუალება მისცა. /…/
სწორედ ამ დროს, 17 სექტემბერს, რესპუბლიკის პრეზიდენტმა, იგნაცი მოშიცკიმ, რადიოთი დაუჯერებელი ამბავი ამცნო საკუთარ ხალხს: პოლონეთს ზურგიდან საბჭოთა კავშირმა დაარტყა. წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა. სულ რამდენიმე დღეში მოისპო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დიდი და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო. პოლონეთი გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმის თანახმად, ზუსტად შუაზე გაინაწილეს მდინარე ვისლის გასწვრივ. ამას მოჰყვა ნამდვილი სასაკლაოს გაჩაღება პოლონეთის ტერიტორიაზე. სულ მალე, სტალინის უშუალო ბრძანებით, 25.000 პოლონელი ოფიცერი სმოლენსკთან ახლოს, კატინის ტყეში დახვრიტეს. პოლონეთის აღმოსავლეთ რაიონებიდან ასეულათასობით ადამიანი გადაასახლეს ციმბირში. ჰიტლერისა და სტალინის ორწლიანი მოკავშირეობის სიმბოლოდ კი ვერმახტისა და წითელი არმიის მიერ ბრესტ-ლიტოვსკში ჩატარებული ერთობლივი აღლუმი იქცა”.
ასეთია ლიბერალური „ნარატივი“ – ისტორიული ფაქტების თუ პირდაპირი დამახინჯება არა, მათი ისეთი წარმოჩენა, რომ არასწორი დასკვნა გაკეთდეს. ქვემოთ დავშლით ისტორიის გამყალბებლების პროპაგანდისტურ კონსტრუქციას.
საბჭოთა კავშირის მიერ ჰიტლერულ გერმანიასთან პაქტის დადების მიზეზები
1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვის პაქტს, რომელიც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის, ვიაჩესლავ მოლოტოვისა და გერმანიის რაიხის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოახიმ ფონ რიბენტროპის ხელმოწერებით გაფორმდა, წინ უსწრებდა მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი მოვლენებისა. კრემლის პირველ პირს, იოსებ სტალინს მშვენივრად ჰქონდა გაცნობიერებული ჰიტლერის საბოლოო გეგმები საბჭოეთთან მიმართებაში და ამიტომაც მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ მომხდარიყო ჰიტლერის გაძლიერება და გერმანიის ექსპანსია აღმოსავლეთის, ანუ საბჭოთა კავშირის, მიმართულებით. კერძოდ: სტალინმა ყველაფერი იღონა ჩეხოსლოვაკიის გადასარჩენად, რომელიც 1938 წლის სექტემბერში (გერმანიასთან პაქტის დადებამდე თითქმის ერთი წლით ადრე), დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობათა მეთაურებმა სამარცხვინოდ დაუთმეს ჰიტლერს საჯიჯგნად და ჩასაყლაპად. „მიუნხენის გარიგება“ – ასე არის ისტორიაში შესული ჩემბერლენისა და დალადიეს მიერ ჩეხოსლოვაკიის ჩაბარება, ამ სუვერენული მაღალგანვითარებული სახელმწიფოს ზურგს უკან გამართულ მოლაპარაკებებზე, როდესაც „დასავლური დემოკრატიების“ ლიდერები ადოლფ ჰიტლერს ეახლნენ მიუნხენში და ყველა მისი მოთხოვნა შეასრულეს. ინგლისელებმა და ფრანგებმა არა თუ ხელი აიღეს ჩეხოსლოვაკიის დაცვაზე (რაც ფრანგებს ევალებოდათ კიდეც 1935 წლის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით, რომელზეც ხელი სსრკ-საც ჰქონდა მოწერილი), არამედ პირდაპირი მუქარებით აიძულეს პრაღა, თავისი ტერიტორიების დიდი (1/5) და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ჰიტლერული გერმანიისათვის, რითაც ისარგებლა ჰიტლერმა და ამ ტერიტორიების მიღების შემდეგ რამდენიმე თვეში პრაღაც დაიკავა.
დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მთავრობები ასე მოწადინებულნი ვითომ იმ მიზეზით იყვნენ, რომ ჩეხოსლოვაკიის ხარჯზე დაეკმაყოფილებინათ ჰიტლერის მადა, რომელიც აღარ გააგრძელებდა ექსპანსიას. მაგრამ ეს თვალთმაქცი პოზიცია იყო. სინამდვილეში, დასავლური „დემოკრატიების“ მიზანს გერმანიისა და საბჭოთა კავშირის დაჯახების დაჩქარება წარმოადგენდა. ინგლის-საფრანგეთს არც ამერიკის შეერთებული შტატები ჩამორჩებოდა ამ მხრივ – მიუნხენის გარიგებაში თავისი წვლილი აშშ პრეზიდენტმა ფრანკლინ დ. რუზველტმაც შეიტანა, როდესაც ჰიტლერს გაუგზავნა პირადი წერილი, რომელშიც მხარი დაუჭირა კონფერენციის მოწვევას „ომის თავიდან ასაცილებლად“. რეალურად რა ამოძრავებდა დასავლეთს, სხვადასხვა წყაროდან არის ცნობილი. აი რას წერდა სახელმწიფო დეპარტამენტისადმი მოხსენებაში შეერთებული შტატების რწმუნებული საფრანგეთის საკითხებში ე. ვილსონი 1939 წლის 24 ივნისს:
„[საფრანგეთის] გავლენიან წრეებში გაბატონებულია მოსაზრება, რომ ყველაფრის შემდეგ საფრანგეთმა გერმანიის სასარგებლოდ უარი უნდა თქვას მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე იმედით, რომ გერმანია, ბოლოსდაბოლოს, საბჭოთა კავშირთან კონფლიქტურ მდგომარეობაში შევა“. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორდმა ე. ჰალიფაქსმა, 1939 წლის ივნისში მთავრობის სხდომაზე კი საფრანგეთში ბრიტანეთის ელჩ უ. ბულიტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ხელშეკრულება ჩვენთან სჭირდებათ რუსებს, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავაფორმოთ იგი“. ბრიტანელებს და ფრანგებს აყოლიებული ჰყავდათ, რაც ყველაზე საინტერესოა, პოლონეთის ხელისუფლებაც. 1939 წლის 9 ივნისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ი. ბეკმა ტელეგრამა გაუგზავნა ლონდონში პოლონეთის ელჩ რაჩინსკის, სადაც მითითებული იყო, რომ დაუშვებელია ხელშეკრულების დადება საბჭოთა კავშირთან, რადგან ასეთი დოკუმენტი „აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილობასა და უსაფრთხოებას“ დაარღვევდა.
საბჭოთა მთავრობამ არაერთხელ მოუწოდა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, გამოეყენებინათ ჩეხოსლოვაკიის დაცვის ყველა მექანიზმი, გერმანიაზე სამხედრო ზემოქმედების ჩათვლით. საფრანგეთის თანხმობის შემთხვევაში, მოსკოვი მზად იყო, ჩეხოსლოვაკიაში ჯარების გასაგზავნად. თუმცა ენთუზიაზმი პარიზმა არ გამოავლინა, ხოლო პოლონეთის ხელისუფლებამ (!) აშკარად მტრული პოზიცია დაიკავა ჩეხოსლოვაკიის დახმარების თაობაზე, გამოაცხადა რა, რომ წითელ არმიას არ გაატარებდა თავის ტერიტორიაზე ჩეხების დასახმარებლად.
გამოჩენილი ბრიტანელი პოლიტიკოსები, დევიდ ლლოიდ ჯორჯი და უინსტონ ჩერჩილი მძაფრად აკრიტიკებდნენ თავიანთი მთავრობის პოლიტიკას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მათ ვერავინ დასწამებს კომუნისტებისადმი სიმპათიებს, მაგრამ ისინი ხედავდნენ, რომ ეს პოლიტიკა ძირშივე იყო მცდარი. 1939 წლის 6 ოქტომბერს ადმირალიტეტის პირველმა ლორდმა (მომავალმა პრემიერმა) უინსტონ ჩერჩილმა, ლონდონში სსრკ ელჩ ი. მაისკის თავისი პოზიცია გაანდო: „ზოგიერთი ჩემი კონსერვატორი მეგობარი [გერმანიასთან] მშვიდობას ემხრობა. მათ ეშინიათ, რომ ომის შედეგად გერმანია ბოლშევიკური გახდება. მე კი ბოლომდე ომს ვუჭერ მხარს. ჰიტლერი განადგურებულ უნდა იქნას ერთხელ და სამუდამოდ. დაე გერმანია გახდეს ბოლშევიკური, ეს მე არ მაშინებს. უმჯობესია კომუნიზმი, ვიდრე ნაციზმი“.
ჩერჩილსვე ეკუთვნის სიტყვები, რომ ჩემბერლენმა, ჰიტლერთან ჩეხოსლოვაკიის საკითხში დათმობებით, სირცხვილსა და ომს შორის „აირჩია სირცხვილი და მიიღო ომი“.
საბოლოოდ, 1938 წლის შემოდგომაზე (მიუნხენის ხელშეკრულება 29 სექტემბერს გაფორმდა გერმანიას, იტალიას, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის), ინგლის-საფრანგეთის ზეწოლის ქვეშ, ჩეხოსლოვაკიას ჩამოერთვა თავისი ტერიტორიების 1/5, მოსახლეობის ¼-ით. არადა, ჩეხოსლოვაკია მზად იყო გერმანიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, თუნდაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი სამხედრო ძალით არ ჩარეულიყვნენ. იმჟამად ჩეხები აკონტროლებდნენ გეოგრაფიულად რთულ მთიან რელიეფს, რომელიც ბუნებრივად მიჯნავს ერთმანეთისგან ჩეხეთსა და გერმანიას, ჰქონდათ სამზოლიანი გამაგრებული ფრონტი. ამიტომ გერმანელებს გაუჭირდებოდათ „ბლიცკრიგი“. ჩეხოსლოვაკიის არმიის საბრძოლო სულისკვეთება საკმაოდ მაღალი იყო, საჭიროების შემთხვევაში კი მთელი ხალხი იომებდა დამპყრობელის წინააღმდეგ. პრეზიდენტ ბენეშს საბჭოთა კავშირის დიპლომატიური და სხვა სახის მხარდაჭერის იმედიც დასაბუთებულად ჰქონდა. მაგრამ ბენეში კაპიტულაციაზე დაიყოლიეს ჩემბერლენმა და დალადიემ. ხოლო 1939 წლის მარტში, როდესაც ჰიტლერმა ისედაც მისთვის მომგებიანი „მიუნხენის გარიგებაც“ დაარღვია და მთელი ჩეხოსლოვაკია დაიკავა (თან ჩეხეთი და სლოვაკეთი ერთმანეთისგან განაცალკევა), მას გზა გაეხსნა პოლონეთისაკენ. ბუნებრივია, საბჭოთა კავშირი ამ მოვლენებს სწორად აფასებდა და ეჭვობდა, რომ საკუთარი პასიურობის პირობებში, „დასავლური დემოკრატიები“ პოლონეთსაც ისევე გაჰყიდდნენ (რომელიც ჯერ ამას არ ეჭვობდა), როგორც ჩეხოსლოვაკია გაყიდეს. ეს კი უკვე გერმანიას იმდენად გააძლიერებდა, რომ საბჭოეთთან ომის შემთხვევაში დიდ სტრატეგიულ უპირატესობას დაეუფლებოდა. საბჭოთა კავშირი ვერ დაუშვებდა იმას, რომ თავისი დასავლური საზღვარი არ გადაწეულიყო დასავლეთით, მინსკიდან, კიევიდან და მოსკოვიდან რაც შეიძლება, შორს.
2. არის კი მსხვერპლი პოლონეთი?
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს გერმანიასთან სჭირდებოდა ბუფერული ზონა, ძლიერი პოლონეთის სახით, რომელიც ჰიტლერისთვის შეუძლებელს გახდიდა, თავს დასხმოდა საბჭოეთს. მაგრამ გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ პოლონეთის შესაძლებლობები შეიზღუდა. პირველი, რაც გასათვალისწინებელია, პოლონეთი თავად ამბობდა უარს, საბჭოთა კავშირთან სამოკავშირეო ხელშეკრულება გაეფორმებინა და ამ გზით წინ აღდგომოდა გერმანიას, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი – ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციაში საბოლოო სიტყვა სწორედ პოლონეთმა თქვა, ანუ კაპიტულაციაში პრაღა მხოლოდ ვარშავის მუქარის შემდეგ დარწმუნდა! არადა, ჯერ კიდევ 1938 წლის 25 სექტემბერს ჩეხოსლოვაკია, მიუხედავად ჩემბერლენის ზეწოლისა, არ თანხმდებოდა დათმობებზე და საბრძოლო მზადყოფნას გამოხატავდა – ამას მოწმობს ლონდონში ჩეხების დესპანის იან მასარიკის მიერ ფორინ ოფისისადმი გადაცემული ნოტა, რომელშიც ეწერა: „ჩემი მთავრობა მავალებს, საზეიმოდ განვაცხადო, რომ ჰიტლერის მოთხოვნები მათი ამჟამინდელი ფორმით, აბსოლუტურად და უპირობოდ მიუღებელია. ამ ახალი და უხეში მოთხოვნების წინაშე ჩემი მთავრობა თავს ვალდებულად გრძნობს, მიიღოს ზომები გადამჭრელი წინააღმდეგობის გასაწევად და, ღვთის შეწევნით, ჩვენ ამას გავაკეთებთ. წმიდა ვაცლავის, იან ჰუსისა და ტომაშ მასარიკის ერი არ გახდება მონა-ერი!“
მაგრამ ჩეხებს მალევე მოუწიათ უკან დახევა, რაშიც, როგორც ვთქვით, გადამწყვეტი როლი, „დასავლურ დემოკრატიებთან“ ერთად, პოლონეთმა შეასრულა. ჩეხებმა იცოდნენ, რომ პოლონეთი მთელი 1938 წლის მანძილზე ჯარების მობილიზაციას ახდნენდა საზღვარზე, ხოლო გადამწყვეტ მომენტში ოფიციალურმა ვარშავამ გამოაცხადა, რომ იგი შეტევაზე გადავა ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ, თუკი მეზობელი სახელმწიფო არ დაეთანხმება გერმანიის მოთხოვნებს! 30 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა და მთავრობამ საბოლოოდ განიხილეს არსებული ვითარება, ისინი ელოდნენ ჩეხოსლოვაკიის არმიის გენერალური შტაბის მოსაზრებას. უმაღლეს ხელისუფლებას სურდა, სამხედროებისგან გაეგო, რამდენად იყო შესაძლებელი, ქვეყანას გაეძლო გერმანიის, პოლონეთისა და უნგრეთის (ჰიტლერის პირდაპირი მოკავშირე) ერდროული შემოტევისათვის. პასუხი უიმედო იყო:
„წინააღმდეგობა შეუძლებელია. არმიას შეუძლია, სამი თავდაცვითი ხაზის საშუალებით, წინააღმდეგობა დიდი ხნის მანძილზე გაუწიოს ცალკე აღებულ გერმანიას, გარე დახმარების არარსებობის პირობებშიც. მაგრამ საზღვარი პოლონეთთან და უნგრეთთან არ არის გამაგრებული. ომში მათი ჩაბმა მოასწავებს, რომ ფრონტის ხაზი სამი ათასი კილომეტრის მანძილზე გაიშლება“.
1938 წლის 30 სექტემბერს (ანუ მიუნხენის პაქტის მეორე დღეს) პოლონეთი უკვე მზად იყო ჩეხოსლოვაკიაზე თავდასასხმელად. მზადდებოდა პროვოკაცია, თითქოს ჩეხოსლოვაკია ესხმოდა თავს პოლონეთს. ამ მიზნით, პოლონეთის სატელეგრაფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია საზღვარზე „ინციდენტის“ შესახებ, როდესაც, თითქოს, ჩეხები ესროდნენ პოლონელებს. ბედის ირონიით, 11 თვის შემდეგ, თავად პოლონეთი გახდა ასეთი პროვოკაციის მსხვერპლი გერმანელების მხრიდან, როდესაც გერმანულმა „სს“-მა მოახდინა პოლონეთის მიერ გლაივიცის რადიოსადგურზე თავდასხმის იმიტაცია, რაც გერმანიის მხრიდან პოლონეთის წინააღმდეგ ომის დაწყების საბაბად იქცა.
აი ასეთი იყო მაშინდელი პოლონეთის სახე. პრინციპში არაფერი განსაკუთრებული, ევროპა ხომ საუკუნეების მანძილზე ასეთ „რეალპოლიტიკას“ ეწეოდა. პოლონელებმა ვერ გათვალეს, თუ რაოდენ საშიში ძალა იყო ნაცისტური გერმანია, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის უგულებელყოფის პირობებში. პოლონეთის ხელისუფლება დახარბდა ტერიტორიებს – ფრიშტადტს, ტეშენსა და იაბლუნკოვს, ამის გამო გაწირა ჩეხოსლოვაკია და, ისევ ჩერჩილს თუ დავესესხებით, „აფთრის სიხარბით ჩააფრინდა მსხვერპლს“.
ასეთი არაადეკვატური პოლონური პოლიტიკის პირობებში საბჭოთა კავშირს სხვა აღარაფერი რჩებოდა გარდა იმისა, რომ თავიდან აეცილებინა ახალი „მიუნხენის გარიგება“ – ამჯერად პოლონეთთან მიმართებით. საბჭოთა დაზვერვას მოჰქონდა ინფორმაციები, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი შეეცდებიან, გერმანია დაატაკონ საბჭოთა კავშირს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გერმანია ჯერ პოლონეთს დაეპატრონებოდა. დღეს უკვე ცნობილია, რომ 1939 წლის მაისში გერმანელებს უკვე ჰქონდათ პოლონეთზე თავდასხმის გეგმა, სახელწოდებით „ვაის“ („თეთრი“). გერმანიამ 1939 წლის 28 მარტს ანულირება გაუკეთა პოლონეთთან თავდაუსხმელობის პაქტს, რომელიც 1934 წელს ჰქონდა გაფორმებული. ამ ანულირებამდე რამდენიმე დღით ადრე ჰიტლერმა ლიტვას ათქმევინა უარი პოლონეთის შესაძლო მხარდაჭერაზე და ლიტვასთანაც ორმხრივი ხელშეკრულება გააფორმა თავდაუსხმელობის შესახებ… ამიტომაც, ლოგიკურია, რომ საბჭოთა სახელმწიფოს მაქსიმალური სარგებელი მიეღო შექმნილი მძიმე ვითარებიდან, ვინაიდან სტალინმა იცოდა, რომ დასავლეთი ჰიტლერს პოლონეთში ვერ შეაჩერებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ 1938 წლის სექტემბერში დიდმა ბრიტანეთმა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში საფრანგეთმა, გერმანიასთან თავდაუსხმელობის დეკლარაციებს მოაწერეს ხელი. მათ ასევე უარი უთხრეს საბჭოთა კავშირს, გერმანიის აგრესია ჩეხოსლოვაკიის მიმართ განეხილათ ერთა ლიგაში (მოსკოვს არ უღიარებია ჩეხოსლოვაკიის ანექსია). ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მატყუარა ლიბერალები ქართველ მკითხველს საგულდაგულოდ უმალავენ და „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ გამო ლამის თავს იკლავენ…
არც იმას იტყვიან, რომ 1939 წლის 10 მაისს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა ტელეგრამა გაუგზავნა ვარშავაში ვიზიტით მყოფ თავის მოადგილე ვ. პოტიომკინს იმის შესახებ, რომ სსრკ თანახმაა, დახმარება აღმოუჩინოს პოლონეთს გერმანული აგრესიის შემთხვევაში, „თუკი ამას თავად პოლონელები მოისურვებენ“! პოლონურმა მხარემ ეს შემოთავაზება უპასუხოდ დატოვა…
არსებობს უტყუარი დოკუმენტებიც, რომელთა კომენტირებაც კი ზედმეტია, იმდენად ნათელია ყველაფერი. ასე, მაგალითად, 1939 წლის 22 მაისს დიდი ბრიტანეთის მთავრობის საფრანგეთის მთავრობისადმი გაგზავნილ მემორანდუმში აღნიშნულია: “სასურველია, სსრკ-სთან დადებულ იქნას რაიმე შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საბჭოთა კავშირი დაგვეხმარება, თუკი ჩვენ აღმოვჩნდებით აღმოსავლეთიდან წამოსული შეტევის ობიექტი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანია ვაიძულოთ, იომოს ორ ფრონტზე, არამედ იმიტომაც, რომ (და ეს მთავარია) … თუკი ომი დაიწყება, უნდა ვეცადოთ, მასში საბჭოთა კავშირი ჩავითრიოთ“.
საბჭოთა კავშირმა ჯარები პოლონეთში მას შემდეგ შეიყვანა – 1939 წლის 17 სექტემბერს, რაც გერმანიის ვერმახტმა 1939 წლის 1-ლი სექტემბრიდან ორი კვირის მანძილზე, ბრწყინვალედ ჩაატარა „ბლიცკრიგი“ და პოლონეთის ნაქები, ფრანგულ ყაიდაზე მოწყობილი, უფრო მრავალრიცხოვანი არმიის წინააღმდეგობა გატეხა. საბჭოთა კავშირს პოლონეთისთვის ომი არ გამოუცხადებია და ამიტომ პოლონეთის არმიის ნარჩენებმა არც ერთი გასროლა არ მოახდინეს წითელი არმიის მისამართით. აღსანიშნავია, რომ
„დასავლურ დემოკრატიებს“ წითელი არმიის ქმედებები იმჟამად არ შეუფასებიათ აგრესიად და არანაირი პროტესტი არ გამოუხატავთ მოსკოვისადმი.
დაბოლოს, საბჭოთა კავშირს არ მიუტაცებია პოლონური ტერიტორიები, არამედ დაიბრუნა თავისი კუთვნილი მიწები, რომლებიც პოლონეთმა 1920-21 წლებში ვერსალის 1919 წლის ზავის პირობების დარღვევით მიიტაცა. წითელი არმია გაჩერდა ვილნიუს-ლომჟა-ბუგის ხაზზე, რაც ფაქტობრივად ემთხვეოდა ე. წ. „კერზონის ხაზს“ – 1919 წლიდან საერთაშორისოდ აღიარებული პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარს. ლიტვას დაუბრუნდა ვილნიუსი, ბელარუსიას და უკრაინას – თავიანთი დასავლეთის ტერიტორიები.
შეგნებულად ვეწევი ისევ და ისევ დასავლელი პოლიტიკოსის, მეორე მსოფლიო ომის თანამედროვე ლლოიდ ჯორჯის ციტირებას, რათა საბჭოთა პოზიციებისადმი ზედმეტ სიმპათიაში და არაობიექტურობაში არ დამედოს ბრალი. აქვე აღვნიშნავ, რომ ლლოიდ ჯორჯიც თავიდან ჰიტლერს ინგლისისათვის საფრთხედ არ განიხილავდა და მას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ სასარგებლო იარაღად მიიჩნევდა, თუმცა 1938-39 წლებში მას თვალები აეხილა და ჰიტლერული საფრთხე ცხადად დაინახა. 1939 წლის 28 სექტემბერს კი დევიდ ლლოიდ ჯორჯმა პოლონეთის ელჩ რაჩინსკის პოლონეთში წითელი არმიის შესვლასთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:
„… საბჭოთა კავშირმა დაიკავა ტერიტორიები, რომლებიც არ არის პოლონეთის ნაწილი და რომლებიც ძალით იქნა პოლონეთის მიერ დაპყრობილი [პირველი] მსოფლიო ომის შემდეგ… დანაშაულებრივი სიგიჟის ტოლფასი იქნებოდა, ერთ სიბრტყეზე დაგვეყენებინა რუსების შემოსვლა გერმანელების შემოჭრასთან“.
კითხვაზე პასუხი – არის თუ არა პოლონეთი მსხვერპლი – დადებითია, ოღონდ იმ პირობით, რომ პოლონეთი არა გერმანია-საბჭოეთის გარიგების, არამედ საკუთარი სიხარბის, წინდაუხედაობის, ანტირუსული ისტერიის (ყველაფერთან ერთად, პოლონეთის გენშტაბის 1937 წლის ერთ-ერთ დირექტივაში წერია, რომ საბოლოო ჯამში, „ყოველგვარი რუსეთი უნდა მოისპოს“) და, ამასთან, „დასავლური დემოკრატიების“ მხრიდან „გადაგდების“ მსხვერპლად გვევლინება. დიახ, ეს ბოლო ფაქტორიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. რაც პოლონეთზე თავდასხმის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გერმანიას ომი გამოუცხადეს, გერმანიის პოზიციები ევროპაში მხოლოდ გაძლიერდა. საფრანგეთმა ომის იმიტაცია მოახდინა ზაარბრიუკენთან ახლოს, როდესაც პოლონეთზე გერმანიის თავდასხმის საპასუხოდ, ჯარები შეიყვანა 32 კილომეტრის მანძილზე. გერმანელებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მოწინააღმდეგე ჯერ შეიტყუეს და შემდეგ კუდით ქვა ასროლინეს. ეს იყო და ეს, თუ არ ჩავთვლით ეპიზოდურ საზღვაო-საბრძოლო მოქმედებებს. ისმის კითხვა: დავუშვათ, დასავლეთი პოლონეთს ტექნიკური მიზეზებით ვერ დაეხმარა (ჯარების მობილიზაციის დროში გაწელვა და სხვა ფაქტორები), მაგრამ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ გერმანიამ ასევე „დასავლური დემოკრატიების“ მხრიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უბრძოლველად დაიპყრო დანია და თითქმის უბრძოლველად – ნორვეგია. ბუნებრივია, რომ ასეთი უმოქმედობა კითხვებს ბადებდა და ფრანგმა და ამერიკელმა ჟურნალისტებმა მეორე მსოფლიო ომის ამ საწყის ეტაპს (1939 წ. 1 სექტემბერი – 1940 წ. 10 მაისი) „უცნაური ომი“ და „ყალბი ომი“ უწოდეს. მთელ მსოფლიოს დაუჯდა ძვირი ასეთი უმოქმედობა, როდესაც 1940 წლის მაის-ივნისში ვერმახტი საფრანგეთში შეიჭრა და იგი პოლონეთივით უმოკლეს ვადებში დაიმორჩილა, ფრანგებისთვის ბრიტანული საექსპედიციო კორპუსის დახმარების მიუხედავად. ჰიტლერმა თითქმის ზუსტად განჭვრიტა ჩემბერლენისა და დალადიეს მხდალი ბუნება, 1939 წლის 23 მაისს მან თავის გენერლებს უთხრა:
„ჩვენ მიუნხენში ვიხილეთ ეს საბრალო ჭიები – ჩემბერლენი და დალადიე. ისინი ზედმეტად მშიშრები არიან იმისთვის, რომ შეტევაზე გადმოვიდნენ. ბლოკადაზე მეტს ვერ გაბედავენ… ერთადერთი, რაც მე მაშფოთებს, არის ჩემბერლენის ან სხვა რომელიმე ღორის ჩამოსვლა წინადადებით, რომ მე შევცვალო ჩემი გადაწყვეტილებები. მაგრამ მე მას კიბეებიდან დავაგორებ, პირადადაც რომ მომიწიოს მისთვის ფეხით მუცელში გამასპინძლება ფოტოკორესპონდენტების თვალწინ“.
ამ ფონზე ყველამ უნდა აღიაროს, რომ ჩვენს მიერ აღწერილი მოვლენების პერიოდში, ჰიტლერს ევროპაში მხოლოდ ერთი აღმატებული მოწინააღმდეგე ჰყავდა – სტალინის სახით, რომელიც ყველაფერს კარგად ხედავდა და ომისთვის ემზადებოდა – ყველაზე უფრო რაციონალური გზით, არსებული ვითარების გათვალისწინებით.
3. პროპაგანდისტების ყალბი მორალიზმი.
ფაქტები თავად ამსხვრევენ სიცრუის კონსტრუქციებს, „რადიო თავისუფლების“, „ტაბულის“ და სხვათა მიერ მოწოდებულთ. კაცმა რომ თქვას, ეს მათი ნააზრევი ნაკლებად არის, ასე შტამპებად ღებულობენ ისინი სიყალბეებს თავიანთი დამფინანსებლებისაგან და ფულის სანაცვლოდ, ავრცელებენ საქართველოს მოსახლეობაში. ძნელია ამ მასშტაბის დაფინანსებასთან ბრძოლა, მაგრამ სიმართლე მაინც უნდა ვთქვათ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის მიერ დაქირავებული პროპაგანდისტები ყალბად მორალისტობენ.
საბჭოთა კავშირის და გერმანიის დაზავება 1939 წელს მათ ისე გამოჰყავთ, თითქოს ეს გახდა მეორე მსოფლიო ომის მიზეზი, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიცრუეა. დოკუმენტების საფუძველზე ვნახეთ, რომ 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვის ხელშეკრულებას წინ უსწრებდა დასავლური ბურჟუაზიული სახელმწიფოების მხრიდან ჰიტლერისთვის კარტ-ბლანშის გადაცემა აღმოსავლეთ ევროპაში სამოქმედოდ, ისევ და ისევ, საბჭოეთის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირი 1939 წლის აგვისტოში ჯერ კიდევ იაპონიასთან ლოკალური ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა მონღოლეთის ტერიტორიაზე (მდინარე ხალხინ-გოლის გამოუცხადებელი ომი), ხოლო ანტიკომუნისტური ფინეთის საზღვარი თითქმის ზედ ლენინგრადზე იყო მობჯენილი. მაშინ, როდესაც გერმანია პოლონეთის დასაპყრობად ემზადებოდა, ჩეხოსლოვაკიის „ჩაყლაპვის“ შემდეგ, სტალინმა ყველაზე გონივრული და ბუნებრივი გადაწყვეტილება მიიღო – გერმანიასთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას მიაღწია და ამ გზით უძვირფასესი დრო მოიგო საბჭოთა ეკონომიკის სამხედრო ყაიდაზე გადასაყვანად ანუ ტოტალური ომისათვის ქვეყნის მოსამზადებლად, რომელიც, მიუნხენის გარიგების შემდეგ, უკვე გარდაუვალი იყო. მეორე მსოფლიო ომის ნამდვილი, „ცხელი“ ფაზა კი სწორედ გერმანიის მხრიდან საბჭოთა კავშირზე თავდასხმა გახლდათ, 1941 წლის 22 ივნისს, ამას არ სჭირდება არანაირი „რუსული ველიკოდერჟავული იდეა“, ეს არის ფაქტი. ასევე უტყუარი ფაქტია, რომ გერმანია დაამარცხა საბჭოთა კავშირმა და სწორედ საბჭოთა დროშა აღიმართა ბერლინში, რაიხსტაგის შენობის თავზე, 1945 წლის 2 მაისს. ყველაზე ბოლოს, 1945 წლის 9 მაისს, ევროპაში პრაღა გათავისუფლდა წითელი არმიის მიერ – პრაღა, რომელიც ჰიტლერს ხახაში ჩაუგდეს ინგლისმა, საფრანგეთმა და ამერიკამ…
ამჯერად კომენტარის გარეშე დავტოვებთ „პოლონეთში გაჩაღებული სასაკლაოს“ თეზისს, თუმცა აღვნიშნავთ, რომ სსრ კავშირის ხელმძღვანელობას ამის არანაირი მოტივი არ გააჩნდა, განსხვავებით გერმანელებისაგან, რომლებმაც სმოლენსკის ოლქის ოკუპაციის დროს „აღმოაჩინეს“ კიდეც მასობრივად დახვრეტილი პოლონელი ოფიცრების სამარხები კატინის ტყეში… სამაგიეროდ, ვიტყვით იმას, რაც დანამდვილებითაა ცნობილი: ბრესტში ადგილი არ ჰქონია ვერმახტისა და წითელი არმიის ერთობლივ სამხედრო აღლუმს, ესეც მორიგი სიცრუეა. ბრესტის ფოტოსურათებზე და ვიდეოფირებზე ჩანს, თუ როგორ მარშირებენ გერმანელი ჯარისკაცები, მაგრამ არა წითელარმიელები. გერმანელები და რუსები ერთმანეთში საუბრობენ, იღიმიან, ჩვეულებრივად იქცევიან, მაგრამ ეს ყველაფერი ერთობლივი აღლუმი არ არის. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტს: ბრესტი დაკავებული ჰქონდათ გერმანელებს, მაგრამ მოსკოვის პაქტის თანახმად, ბრესტი საბჭოთა გავლენის სფეროს ეკუთვნოდა. შესაბამისად, გერმანელებმა დატოვეს ქალაქი და იქ წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. გერმანელები ქალაქიდან საზეიმო მარშით გავიდნენ, ესაა და ეს!
როგორც ვნახეთ:
– საბჭოთა კავშირი ბოლო მომენტამდე ცდილობდა ჩეხოსლოვაკიის გადარჩენას;
– ბოლო მომენტამდე ცდილობდა პოლონეთთან თანამშრომლობას;
– ბოლო მომენტამდე ცდილობდა ბრიტანულ-ფრანგულ-პოლონურ-საბჭოთა კოალიციის შექმნას;
– სსრკ-მ ყველაზე ბოლოს გააფორმა გერმანიასთან ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ;
– „კერზონის ხაზის“ აღდგენით პოლონეთს წაართვა თავად პოლონეთის მიერ მანამდე უკანონოდ მიტაცებული მიწები.
ისიც ვნახეთ, რომ ჰიტლერმა თავისი გავლენის გავრცელება უკვე ბალტიისპირეთზეც (ლიტვა) დაიწყო. ბალტიისპირა ნახევრად ავტორიტარული რეჟიმების მიერ მართული, აგრარული ქვეყნების დამოუკიდებლობა ეფემერული გახდა. საბჭოთა კავშირს ეს რეგიონი ან გერმანიისთვის უნდა გადაელოცა ან თვითონ უნდა შეეერთებინა – მათი ნებით თუ მათივე ნების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, მოსკოვის 1939 წლის პაქტით სტალინმა ეს პრობლემაც მოაგვარა. აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირა რესპუბლიკებში წითელი არმიის შესვლას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა არ მოჰყოლია. თუმცა ამერიკული პროპაგანდა ათწლეულების მანძილზე „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს“ აქტიურად (და წარმატებით) იყენებდა ბალტიისპირელებში უსამართლობის განცდის შესაქმნელად. თვით სიტყვა „პაქტი“, რომელიც ლათინურიდან მომდინარეობს და სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა „ხელშეკრულება“-ს, რაღაცნაირი ნეგატიური ემოციით დაიმუხტა…
თავისი სტრატეგიული გამჭრიახობით, სტალინმა თითქმის გამოუვალი მდგომარეობიდან მოძებნა გამოსავალი და ინგლის-საფრანგეთის გეგმები ჩაშალა, ასევე დააშოშმინა ჰიტლერი და მაქსიმალური სარგებელი მოიპოვა სსრკ უსაფრთხოებისათვის, საზღვრების დასავლეთით გადაწევის გზით. მოსკოვში გაფორმებულმა პაქტმა, ხალხინ-გოლზე წითელი არმიის წარმატებებთან ერთად, გავლენა იქონია იაპონიაზე, რომელიც მალევე დაუზავდა მოსკოვს და 1941 წელსაც ვეღარ გაბედა საბჭოეთზე თავდასხმა, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა სტალინის მიერ მოსკოვის გასამაგრებლად ციმბირული დივიზიების გადმოსროლაში (ყველაფერთან ერთად, მოლოტოვისა და რიბენტროპის შეთანხმებამ იაპონელებს გერმანელების მიმართ გარკვეული უკმაყოფილება და უნდობლობაც გაუჩინა).
ყოველივე აქედან გამომდინარე, რეალპოლიტიკის პრინციპების თანახმად, სტალინის ყოველი ნაბიჯი მოცემულ ვითარებაში გამართლებული იყო და ვინც ამას მორალის კატეგორიებს უპირისპირებს, ის ან იდიოტია ან თავად არის ამორალური.
გულბაათ რცხილაძე
saqinfo.