მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ჰოლანდიის სასამართლოში – საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხს ეხმაურება. სარჩელის ავტორი „ლიბერთი ბანკის“ მფლობელია. ირაკლი რუხაძე სააკაშვილს საჯარო განცხადების გამო უჩივის და კომპენსაციას ითხოვს.
ირაკლი რუხაძემ ჰოლანდიის სასამართლოში სარჩელი მიხეილ სააკაშვილის მიერ “რუსთავი 2-ის” ეთერში გაკეთებული განცხადების გამო შეიტანა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საუბრობდა ბიძინა ივანიშვილის “მაფიაზე” და მან კონკრეტული ბანკები ახსენა, რომელთა მეშვეობითაც სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას აზარალებს.
„მიზანი არის ივანიშვილის და საბანკო მაფიის, რომელიც ძარცვავს საქართველოს ხალხს, რომელმაც პრაქტიკულად თითოეული ქართული ოჯახის ჯიბეში ჩაყო ხელი, აქედან ამოაქვს უკანასკნელი კაპიკები ხალხის, ხალხს ახრჩობს ვალებში, ხალხს ახრჩობს იმ ვალდებულებებში, რომელიც არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, ჰოლანდიაში წარმოუდგენელია ასეთი რაღაც, მეზობელ აზერბაიჯანში წარმოუდგენელია ასეთი რაღაც, თურქეთშია წარმოუდგენელი. მხოლოდ საქართველოში ხდება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სარჩელით მისი გაჩუმება სურთ:
„ამათ აქვთ განუზომელი ფული, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს არც ფული და არც საშუალებები და ამიტომ, გარდა იმისა, რომ საქართველოდან არაფერი არ წამომიღია და ესენი მოვიდნენ გაძარცვეს მთელი საქართველო, ახლა ამ ნაძარცვი ფულის ნაწილს ხარჯავენ იმაზე, რომ მე მითხრან, რომ შენ ხომ მაინც ფული არ გვაქს, შენ ხომ მაინც არ შეგიძლია იურისტებზე დახარჯო, მოდი რა, გაჩუმდი და ხმა აღარ ამოიღო, ვერ ეღირსებიან, მართლა ცივი წყალიო დალიონ, რომ ეს გავაკეთო, მე ამ ხალხთან ბრძოლას არ შევაჩერებ.
საქართველოში ივანიშვილის დროს საბანკო მაფიამ ბოლომდე გაშალა ხელი, ფრთები და საქართველოს შიგნით ყველას გაჩუმება, ბევრის გაჩუმება შეძლეს, ბევრის მოსყიდვა და დაშინება შეძლეს და ახლა ხარჯავენ უამრავ ფულს იმაზე, რომ მე გამაჩუმონ ჰოლანდიაში, ვერ ეღირსებიან. ეს ხალხი არიან ქართველი ხალხის მტრები, ესენი არიან ის ხალხი, ვინც მართლა სისხლს წოვს საქართველოს და მე შევებრძოლები მათ აქაც, ჰოლანდიურ სასამართლოში, სადაც მათ მიჩივლეს, ასობით ათას დოლარს ხარჯავენ მარტო ამ პროცესების მოწყობაში და მე მათ, რა თქმა უნდა, შევებრძოლები საქართველოში, სადაც აუცილებლად დავბრუნდები და აუცილებლად სიმართლე იზეიმებს,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადაწყდება ივანიშვილის ბედი:
„წყდება ივანიშვილი გააგრძელებს შემდეგ ძარცვას საქართველოში თუ თავის ამ ბანდიტებთან ერთად თუ საქართველო იქნება თავისუფალი ამ მაფიის მარწუხებისგან, ვალებისგან, უსამართლო ვალებისგან, საქართველო არის საბანკო დავალიანებით პირველ ადგილზე მსოფლიოში, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს პირველი რეფორმატორი და ახლა ვართ ყველაზე დავალიანებული ქვეყანა მსოფლიოში, ეს გააკეთა ივანიშვილმა და ამ ყაჩაღებმა და ვერ ეღირსებიან ისინი, რომ მე პირი ამომიკერონ, ჩემი ბრძოლა იქნება სამართლებრივი. ჩვენი ბრძოლა იქნება საარჩევნო და ჩვენ აუცილებლად ამ ბრძოლას საბოლოო ჯამში დავასრულებთ გამარჯვებით ოქტომბერში არჩევნებზე და შემდგომ ჩვენ გავუყინავთ ხალხს უსამართლო ვალებს, მე არასდროს ტყუილ დაპირებებს არ ვიძლევი, ჩვენ დავწევთ საბანკო კრედიტს, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ასეთი უსამართლო ურთიერთობები საბანკო ინსტიტუტებს, მთავრობას და ხალხს შორის აღარ იქნება საქართველოში, დამყარდება სამართლიანობა, კანონის უზენაესობა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
ავტორი: გურიის მოამბე