რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ“.
ამის შესახებ ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა, ანალიტიკოსებმა და ზოგადად მედიამ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით უამრავი განცხადებები გაკეთდა, რაც მოსკოვის მხრიდან პასუხს საჭიროებს.
„შეუძლებელია გვერდი ავუაროთ იმ ძალიან უცნაურ აგრესიულ რიტორიკას, რომელსაც დასავლელი ოფიციალური პირებისგან და დასავლეთის მედიაში ვისმენთ სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებასა და პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენი ამერიკელი კოლეგები აგრძელებენ უცნაური დაჟინებით ბრალდებების წამოყენებას რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მისამართით. იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყონ და მშვიდობა და უსაფრთხოება უზრუნველყონ, რისი შესაძლებლობაც აქვთ, ყველაფერს აკეთებენ რომ პირიქით, რეგიონში ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიონ“,-განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ფაქტია, რომ „საქართველოს იარაღით ამარაგებენ, ცდილობენ სამხედრო ბლოკებში ჩაითრიონ. ამასთან, ვაშინგტონსა და ბრიუსელში აცხადებენ, რომ ყველაფერი ეს ამ ქვეყნის და ზოგადად რეგიონის სტაბილურობაზე ზრუნვით არის გამოწვეული. მუდმივად საუბრობენ რუსეთის ოკუპაციაზე“.
„მინდა აღვნიშნო, რომ 2008 წელს აშშ-ის მიერ ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გარანტირებულ შესვლასთან დაკავშირებით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ აღიქვა როგორც პირდაპირი აგრესიული გზავნილი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ამ აგრესიამ საბოლოოდ რეგიონში ცვლილება გამოიწვია. ცვლილების წინაპირობებს და მიზეზებს დასავლელი ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები დაჟინებით უგულებელყოფენ.
რეალობა კი ასეთია: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეყრდნობიან რუსეთის მოკავშირეულ მხარდაჭერას, რომელიც მათი უსაფრთხოების გარანტორია, ამტკიცებენ თავიანთ სახელმწიფოებრიობას, არსებული პრობლემების მიუხედავად. წარმატებით ავითარებენ ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, საგარეო ვაჭრობასა და საერთაშორისო კავშირებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში აფხაზეთის მშპ გაორმაგდა და 31 მილიარდ რუბლის მაჩვენებელს მიუახლოვდა, საგარეო ვაჭრობა გაიზარდა და 16 მილიარდ რუბლს გადააჭარბა. ანალოგიური მაჩვენებელია სამხრეთ ოსეთშიც. რესპუბლიკის მშპ 5 წელიწადში 1,5 ჯერ გაიზარდა, საგარეო ვაჭრობის ბრუნვაც იზრდება.
სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც, რომლებიც საქართველოს აგრესიისგან მნიშვნელოვნად დაზარალდნენ, შედგნენ როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოები. იქ მოქმედებს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების სისტემა, ვითარდება პოლიტიკური გარემო, დემოკრატიული პროცესები, ეროვნული კულტურის მხარდაჭერა მიმდინარეობს. თუმცა რჩება პრობლემების დიდი ნაწილი, რომელთა მოგვარება მიმდინარეობს. ამაზე რეგულარულად ვსაუბრობთ.
სოხუმის და ცხინვალის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება მიმდინარეობს. როგორც იცით, ბოლოს დიპლომატიური ურთიერთობა დამასკოსთან დამყარდა.
თუ ვინმეს სურს ამ ქვეყნებში შექმნილ ვითარებაზე რეალური სურათი დაინახოს, შეუძლია ესტუმროს ამ სახელმწიფოებს. პირდაპირ ჰკითხონ იქ მცხოვრებ მოსახლეობას, რას ფიქრობენ იმ ვითარებაზე, რომელიც რეგიონშია შექმნილი“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
kvira.