აშშ და ბრაზილია ამაზონის ტყეების გადასარჩენად 100 მილიონ დოლარს გამოყოფენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო დღეს ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრ ერნესტო არაუჟოს შეხვდა, რათა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე დიალოგი დაიწყოს. მხარეები კერძო სექტორის მეთაურობით საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც 11 წლის განმავლობაში 100 მილიონ დოლარს მიიღებს. ფონდის მიზანი ამაზონის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება იქნება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა.
რაც შეეხება არაუჟოს, მისი განცხადებით, საუბარი იმის შესახებ, რომ ბრაზილიას ხანძრის ჩაქრობა არ შეუძლია, სინამდვილეს არ შეესაბამება.
„ჩვენ გვჭირდება ახალი ინიციატივები, რომლებიც სამუშაო ადგილებს შექმნიან და ამაზონის მოსახლეობას შემოსავალს მოუტანენ. სწორედ ამიტომ აშშ-ისთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ექნება“, – განაცხადა ბრაზილიის პირველმა დიპლომატმა.
„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი 6 აგვისტოს გაჩნდა. 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძარის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს.