ჰამზა ბინ ლადენი ფოტო: Twitter

დონალდ ტრამპმა დაადასტურა,რომ ნომერ პირველი ტერორისტის ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა ბინ ლადენი მოკლულია

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ტერორისტის ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა ბინ ლადენი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ  NBCNews  ავრცელებს.

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ტერორისტული დაჯგუფება „ალ ქაიდას“ მაღალჩინოსანი ავღანეთისა და პაკისტანის რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

მათივე ცნობით, ბინ ლადენის შვილი ორგანიზაციაში ტერაქტების დაგეგმვაზე და სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობაზე იყო პასუხისმგებელი.

მიმდინარე წლის ივლისში ჰამზა ბინ ლადენის გარდაცვალების შესახებ აშშ-ის სპეცსამსახურებში სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ამერიკული მედია წერდა.

2017 წლის იანვარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰამზა ბინ ლადენი ტერორისტების სიაში შეიყვანა. მისი აქტივები აშშ-ში გაყინეს, ხოლო ამ ქვეყნის მოქალაქეებს მასთან საქმიანი ურთიერთობა აეკრძალათ. ბოლო წლებში ჰამზა ბინ ლადენმა გამოაქვეყნა აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომელშიც აშშ-ის წინააღმდეგ მოწოდებები ისმოდა, რომ ისლამისტებს შური ეძიათ ოსამა ბინ ლადენის გამო.

ოსამა ბინ ლადენი სპეცრაზმმა პაკისტანში 2011 წელს მოკლა.