პარტიული სიის ყოველ სამეულში მინიმუმ ერთ ქალი-ეს 30% მეტ დაფინანსებას ნიშნავს…

სექტემბრის ბოლოდან საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს წარვადგენთ, რომელიც პოლიტიკურ პარტიას, თუ ის 2020 წლის არჩევნებში პარტიული სიის ყოველ სამეულში გაითვალისწინებს მინიმუმ ერთ ქალს, მიიღებს 30 პროცენტით მეტ დაფინანსებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა პოლიტიკაში ქალების როლი გაიზარდოს.

“გვეამაყება, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი, მთავრობის შემადგენლობის ნახევარი არიან ქალები. პარლამენტში ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან კომიტეტს ხელმძღვანელობენ ქალები და ჩვენი პირველი ვიცე-სპიკერი არის ქალი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქალთა მონაწილეობა გაიზარდოს პოლიტიკაში. როდესაც ქალებზე ვსაუბრობთ, მგონი, ბოლო არჩევნების შემდეგ თქვენ გამოგიჩნდათ ყველაზე ძლიერი ადვოკატი და მაგალითი, რომელიც ქალის პოლიტიკურ წარმატებაზე პირდაპირ მეტყველებს, ეს არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყანას ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ეს არის მისასალმებელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.