რამდენად მოტივირებულია ტრამპი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს

“აშშ-ს პრეზიდენტი ცდილობს, კრემლისთვის მიუღებელი, რადიკალური ნაბიჯები არ გადადგას”

თამარ შუკვანი

(16.09.2019)

მიუხედავად იმისა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან გარდაქმნას განიცდის, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ ლოიალურ პოლიტიკას ატარებს, რაც, შესაძლოა „დიდი რვიანის” აღდგენის ინიციატივას დავუკავშიროთ, ეს კი „შეშფოთების საფუძველს აჩენს, – ტრამპი რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეს გავლენის სფეროდ ხომ არ უთმობს?” თანაც უნდა გავითვალისწინოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მეთიუ ბრაიზას განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ – „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს.”

„საქართველოსთვის მიუღებელია „დიდი რვიანის” აღდეგნის ინიციატივა, სადაც რუსეთი მოიაზრება, როგორც მისი წევრი ქვეყანა. ჩნდება გარკვეული შეშფოთების საფუძველი, ტრამპი რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეს გავლენის სფეროდ ხომ არ უთმობს? ასევე ის ფაქტი, რომ აშშ-მა მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაუზარდა დახმარება აზერბაიჯანს. აშშ-სთვის აზერბაიჯანი ხომ არ არის უფრო მეტად პრიორიტეტული, ვიდრე საქართველო?” – აცხადებს „რეზონანსთან” ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.

თუმცა, მიუხედავად გარკვეული კითხვის ნიშნებისა, ჩიტაძე მიიჩნევს, რომ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობა მნიშვენლოვან პროგრესს განიცდის.

„ამ შემთხვევაში კითხვები არსებობს, მაგრამ, მიუხედავად პოზიტიური, თუ ნეგატიური ასპექტების შედარებებისა, თანამშრომლობა გრძელდება. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დიპლომატიური საქმიანობის 25 წლის გამოცდილების მქონე პირი დაინიშნოს საქართველოში აშშ-ს სრულუფლებიან ელჩად. აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას,” – აღნიშნა ჩიტაძემ.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას სერიოზული განხილვა მოჰყვა, თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება.

შეთავაზების არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე ფორმალურად მოეხსნას ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა. თუკი დღეს საქართველო ალიანსის წევრი გახდება, ნატო-ს წესდების თანახმად, ეს ფაქტი ალიანსის წევრ ქვეყნებს ავტომატურად საომარ მდგომარეობაში ჩააყენებს რუსეთთან, რადგან ნატო-ს წესდების მე-5 მუხლით, ორგანიზაციის ნებისმიერ ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა ნატო-ს წევრ ყველა სახელმწიფოზე.

რასმუსენის შეთავაზების არსი იმაშია, რომ ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი დროებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე, გავრცელდეს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ნატო-ს ყოფილი გენმდივანი საქართველოს ხელისუფლებას ამ იდეის ფართი წრეში განხილვასა და დადებითი გადაწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი წინადადებით ნატო-სათვის მიმართვას ურჩევს, რაც ნიკა ჩიტაძის აზრით, მიუღებელია.

მისი თქმით, მე-5 მუხლის არამოქმედების მიუხედავად, ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ საქართველო მაშინვე ნატო-ს წევრი გახდება, რადგან სხვა კრიტერიუმები და მოთხოვნებიც გასათვალისწინებელია.

„აშშ-ს ინტერესებში კვლავ რჩება საქართველო, რადგან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობა გააჩნია. რამდენიმე მნიშვენლოვანი ვიზიტი შედგა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში.

“თანამშრომლობა ვითარდება, მათ შორის სამხედრო ტექნიკურ სფეროშიც. ასევე ტარდება სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი,” რომელიც ძირითადად დაფინანსებულია აშშ-ის ევროპული საბჭოს მიერ. სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ახსენა ანაკლიის პორტის მნიშვნელობა და აშშ ამ იდეას მხარს უჭერს.

„რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს, აშშ კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას, თუმცა მე-5 მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებით, არანაირი ოფიციალური განცხადება ამერიკის მხრიდან არ ყოფილა და არც არის მოსალოდნელი. რასმუსენის ეს ინიციატივა გააჟღერა ორი წლის წინ ამერიკელმა მკვლევარმა ლუკ კოფიმ. ეს რეალურად არ ასახავს აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას. დღეს აშშ არ განიხილავს ამ საკითხს და არც ნატო-ს რომელიმე ქვეყანას არ გაუკეთებია განცხადება ამის შესახებ.

„ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ჯერ ეს საკითხი არც განიხილება. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა, არა იმ მიდგომით, რომელიც რასმუსენის მიერ იყო გაჟღერებული,” – განაცხადას ნიკა ჩიტაძემ.

რაც შეეხება აშშ-ს ყოფილი დიპლომატის, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მეთიუ ბრაიზას თბილისში ყოფნის დროს „ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ „დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ – „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს,” ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ტრამპს გარკვეული პოლიტიკა გააჩნია რუსეთთან და ცდილობს, კრემლისთვის მიუღებელი, რადიკალური ნაბიჯები არ გადადგას.

„ტრამპს გააჩნია თავისი პოზიცია, რომ არ გადადგას რადიკალური ნაბიჯები რუსეთის მიმართ ამ ეტაპზე. მეორე მხრივ, კარგი იქნება თუკი ტრამპი დაუჯერებს თავის მრჩევლებს, რადგან საქართველოს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩვენ ინტერესებშიც შედის, მაგრამ ეს თავად აშშ-ის ინტერესიცაა.

“თუ ამერიკამ განიმტკიცა თავისი გეოპოლიტიკური გავლენა საქართველოში, კავკასიის რეგიონსა და შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის უშუალოდ საზღვრების სიახლოვეს, რადგან თავად რუსეთია აშშ-ის მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, ეს აშშ-ს ინტერესებზე დადებითად აისახება.

„თუმცა, მგონია, რომ დღეს ტრამპი ჩინეთს შეიძლება უფრო მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ განიხილავდეს, ვიდრე რუსეთს და სწორედ ამიტომაც არის, რომ სავაჭრო ომი ჩინეთსა და აშშ-ს შორის გრძელდება,” – აღნიშნა მან.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება და მე-5 მუხლის გათვალისწინებით როგორ დაიცავს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია საქართველოს, – ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატო-ს ჯარი განთავსდება, თუ როგორ მოხდა ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში?

ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს შემთხვევა განსხვავებულია, თანაც ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველო ყველა კრიტერიმს ამ ეტაპზე ვერ აყმაყოფილებს.

„ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში სულ სხვა მიდგომა არსებობდა. ბალტიის ქვეყნები ნატო-ს თითქმის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა. ერთადერთი იყო, რომ ლატვიასა და ესტონეთს არ გააჩნდა იმ დროს დემარკირებული საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და კონკრეტული ტერიტორია სადაო ტერიტორია გახლდათ. საბოლოოდ სადემარკაციო ხაზის გავლება მოხდა.

„სამივე ქვეყანა მიიღეს ნატო-ში, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, სრულიად დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნების თანამეგობრობას წარმოადგენდა. სამივე ქვეყანას მოგვარებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფება.

„არაწორი მიდგომა არსებობს საქართველოში, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ არ გავრცელდა მე-5 მუხლი, რასმუსენის განცხადების თანახმად, საქართველო ნატო-ში შეიძლება მიიღონ. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს თუ მე-5 მუხლი არ გავრცელდება, საქართველოს მაშინვე ნატო-ში მიიღებენ. არსებობს სხვა კრიტერიუმები და მოთხოვნებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან. მაგალითად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

„ფრიდომ ჰაუსის” მონაცემებით, საქართველო ჯერ კიდევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანა გახლავთ. ყველა კრიტერიუმს ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს. ასევე, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიური განვითარებაც გასათვალისწინებია. თუმცა, საქართველოს შეუძლია იამაყოს იმით, რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამხედრო სფეროში, მათ შორის აღსანიშნავია ქართველი სამხდროების მონაწილეობა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. ისინი ანტიტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობენ,” – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
rezonansi

კომენტარები ფეისბუქიდან