სერგი კაპანაძის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის” კონკრეტული და ზოგადად ამ პარტიის მიერ ჩატარებული აქციები, ყრილობები და მარშები „ქათული ოცნების” მხარდაჭერითა და დაფინანსებით ტარდება.

„ეს განცხადება არის სისულელე და მეტი არაფერი, ან კიდევ შეგნებული მავნებლობა”, – ასეთი კომენტარი გააკეთა „რეზონანსთან” საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების” წევრმა ნუკრი ქანთარიამ, „პატრიოტთა ალიანსის” მიერ აშშ-ის საელჩოსთან გამართულ აქციის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის განცხადებაზე.

სერგი კაპანაძის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის” კონკრეტული და ზოგადად ამ პარტიის მიერ ჩატარებული აქციები, ყრილობები და მარშები „ქათული ოცნების” მხარდაჭერითა და დაფინანსებით ტარდება.

„ყველა აქცია, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი” ატარებს, იქნება ეს ყრილობები, მარშები, თუ ასეთი ტიპის აქციები რეალურად არის „ქართული ოცნების” პარტაქტივის მიერ ჩატარებული. ანუ, მონაწილეობს „ქართული ოცნების” პარტაქტივი, არის მათი დაფინანსება, ასევე აქვს მათი პოლიტიკური მხარდაჭერაც.

„არავინ მოვიტყუოთ თავი – ეს არის „ქართული ოცნების” ყველაზე პრორუსული ფრთის მიერ ჩატარებული აქცია. მათი მიზანი არის, რომ დასავლური იდეა დაზიანდეს საქართველოში”,- განაცხადა კაპანაძემ.

ნუკრი ქანთარია ამ კონკრეტული აქციის გამართვას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, რადგან მსგავსი ტიპის პროტესტებით, საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას ვერ გააღრმავებს.

„აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, რომ ასეთი აქციები არ უწყობს ხელს ურთიერთობების გაღრმავებას. ეს მათი პარტიის პირადი საქმეა. ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი. ისინი კანონს არ არღვევენ, შეუძლიათ გამოხატონ ეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მიზანშეწონილი არ არის.

„თუ მათ რაიმე გარკვეული უკმაყოფილობა აქვთ, შეეძლოთ პრესკონფერენციითაც შემოფარგლულიყვნენ. საელჩოსთან მისვლას მე ვერ მოვიწონებდი, თუმცა, ეს მათი საქმეა”, -განაცხადა ქანთარიამ „რეზონანსთან”.

შეგახსენებთ რომ, „პატრიოტთა ალიანსის” პროტესტის მიზეზი სასტუმრო „რუმსში” მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის” გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა. მას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი დახვდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.
rezonansi