იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის შეწყალებული ერთ-ერთ პირი ძებნილია. მინისტრი ასევე ამბობს, რომ წინა ორი შეწყალებისგან განსხვავებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის კონტაქტი არ შემდგარა. ამის შესახებ ვიცეპრემიერიმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
“ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტის ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც, 24-დან 23 პირი საპატიმროდან გათავისუფლდა, ხოლო ერთი ვერ გათავისუფლდებოდა, რადგან ის დღესაც ძებნილია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრს პირდაპირ ეთერში ჰკითხეს ვინ და რისთვის არის ის ძებნილი პირი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რაზეც წულუკიანმა თქვა, რომ დანაშაული მითვისება-გაფლანგვას შეეხებოდა.
“თუ სწორად მახსოვს, ეს მითვისება-გაფლანგვა უნდა იყოს. ეს ადამიანი დაახლოებით, 2009-2010 წლებიდან არის გაუჩინარებული და ძებნილია. რაც შეეხება გვარს, ეს პერსონალური მონაცემია და ვერ დავასახელებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია. ეს კანონით აკრძალულია და ამ ადამიანის ნებართვაა საჭირო იმისთვის, რომ გვარი გავამჟღავნო. რეალურად, იმ 24 მსჯავრდებულიდან უფრო მეტი იქნა შეწყალებული, მაგრამ დანარჩენები პრობაციონერები იყვნენ და ამიტომ, მათზე დღეს არ მისაუბრია”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით რეფორმის გატარება აუცილებელია.