ჩანაწერების თანახმად, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაგრძელდა, დაცვის მხარის მიერ მომზადებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა განიხილეს. ექსპერტიზა საქმის მთავარ მტკიცებულებას – აუდიო ჩანაწერს და დიქტოფონს ჩაუტარდა.

პროცესზე დაიკითხა სპეციალისტი, რომელმაც ალტერნატიულ ექსპერტიზაზე იმუშავა. მოწმის ჩვენების თანახმად, აუდიოჩანაწერის მიხედვით შეუძლებელია ბრალდებულების ხმების იდენტიფიცირება, რადგან ჩანაწერი 5 წლის წინ არის გაკეთებული.

სპეციალისტის არგუმენტის თანახმად, ადამიანის ბიოლოგია და ხმის ტემბრი დროსთან ერთად იცვლება. ამ მოსაზრებას დაცვის მხარისგან განსხვავებით არ იზიარებს ბრალდება. პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნა არასრულყოფილია.

გასული წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის, ცდილობენ ბიზნესმენის დაცვის წევრის გადაბირებას.

ამასთან, ჩანაწერების თანახმად, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.

დიდ ბრიტანეთში პატარკაციშვილის ცხედარს ექსპერტიზა 14 დღე უტარდებოდა. სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.