ე. წ. ციანიდის საქმეზე დაპატიმრებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ პარლამენტთან კარავი გაშალა. მისი კარავი მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის გვერდით დგას.
თორნიკე მამალაძის თქმით მისი ძმა უდანაშაულოა და იქამდე იქნება პარლამენტთან, სანამ დეკანოზ მამალაძეს არ გაათავისუფლებენ.
“დიახ, ამ აქტით მე ვაპროტესტებ ჩემი ძმის უდანაშაულობას და დეკანოზ გიორგი მამალაძის საპყრობილეში ყოფნას. მოგეხსენებათ პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელები, მან შეიწყალა ახალგაზრდა პოლიციელის მკვლელი. ჩემი ძმა ციხიდან რომ არ გაათავისუფლეს, ეს ნიშნავს, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა. რადგანაც დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, რომ უდანაშაულო ადამიანები საპყრობილეში გამოკეტონ და მკვლელები და დამნაშავეები გარეთ გამოუშვან. ამ აქტით მე პროტესტს გამოვხატავ და ვიდგები აქ იქამდე, სანამ ჩემი ძმა არ გათავისუფლდება.
პლუს მინდა გამოვეხმაურო 20 ივნისს მომხდარ ღამეს, ე. წ. გავრილოვის ღამეს და იმ ადამიანებს, რომლებიც უდანაშაულოდ არიან საპყრობილეში და მინდა მათ თანადგომა გამოვუცხადო, ხოლო მათ ოჯახებს გამძლეობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სამართალს აუცილებლად მივაღწევთ”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
ipress.