შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს.
მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების სპეკულაციური ინტერპრეტაცია გაავრცელა.
„ბევრი კითხვაც მივიღე და სამწუხაროდ, ყველას ვერ ვპასუხობ სათითაოდ. ვეცადე საინფორმაციო საშუალებებით გამეცა პასუხები, თუმცა, აქაც მინდა პოზიცია განვმარტო მოკლედ და საგნობრივად.
საქმის ვითარება არის შემდეგი: კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას. კანონპროექტი უკრძალავს დამსაქმებელს იძულებით, სამსახურიდან გაგდების მუქარით ან ნებისმიერი სხვა ფორმით აიძულოს დასაქმებული დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი ამუშაოს.
დღეს კონკრეტულმა პირებმა ხელოვნურად ატეხეს აჟიოტაჟი, რათა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის პროცესი სათავეშივე იყოს დისკრედიტებული. კანონი ემსახურება ცალსახად უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას შრომით ურთიერთობებში, განსაკუთრებული აქცენტით დასაქმებულების ინტერესების დაცვაზე.
კანონის დახვეწის საჭიროება გამომდინარეობს ამ სფეროში შექმნილი საკმაოდ მძიმე ვითარებიდან, რაზეც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ხმამაღლა საუბრობს. პროფკავშირებს მუდმივი განგაში აქვს ატეხილი, გვაკრიტიკებს ბევრი საერთაშორსო არასამთავრობო ორგანიზაცია, მუდმივად მიგვითითებს სახალხო დამცველი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის სტრუქტურები და, რაც მთავარია, ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურობაში, ყოველ ნაბიჯზე.
ბევრი სპეკულაცია იყო, მაგრამ კანონპროექტი სინამდვილეში გულისხმობს: დისკრიმინაციის აკრძალვას; ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გაცილებით მაღალ სტანდარტს; სტაჟირების ინსტიტუტის შემოღებას და სტაჟიორების უფლებების დაცვას; სამუშაო დროის რეგულირებას და მონური შრომის აკრძალვას; ზეგანაკვეთური შრომის მომატებული ტარიფით ანაზღაურებას; გარანტირებულ შესვენებას, დასვენებას და შვებულებას; სამსახურიდან ადამიანების უმიზეზოდ განთავისუფლების აკრძალვას; კონსულტაციებსა და ინფორმაციის გაცვლას დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის; მასობრივი დათხოვნის შემთხვევაში, დასაქმებულებისათვის გარკვეული გარანტიების მიცემას.