„ალბათ ზეგამჭირვალეობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს ის, რომ საქმის მოსამართლეს კითხვას უსვამს ყოფილი ბრალდებული“

ადამიანები, რომელთა საქმესაც თქვენ განიხილავდით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩაცხრილეს. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ დაკავება, მოხდა მათი პირდაპირი დახვრეტა მანქანაში. ამას გია კრიალაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილები გადმოათრიეს მანქანიდან და… თქვენ, როგორც ამ საქმის მოსამართლეს, გაგიჩნდათ თუ არა კითხვები და რა რეაგირება მოახდინეთ“, – ამ კითხვით მიმართა საკომიტეტო მოსმენაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას მმართველი გუნდის დეპუტატმა კობა კობალაძემ, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს სხვებთან ერთად ე.წ. „მუხროვანის ამბოხების“ საქმეზე წარუდგინეს ბრალი.

„ალბათ ზეგამჭირვალეობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს ის, რომ საქმის მოსამართლეს კითხვას უსვამს ყოფილი ბრალდებული“, – აღნიშნა თამარ ალანიამ.

მისივე თქმით, სურვილის მიუხედავად, ის არ აპირებს კონკრეტულ საქმეზე საუბარს.

„რაც არ უნდა გმირი იდგეს ჩვენს წინაშე, თუ მან ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს“, – ამ მცირე განმარტებით შემოიფარგლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დეპუტატის კითხვაზე, რომელიც მუხროვანის საქმეზე „გმირების გამსარათლებას“ ეხებოდა.