რუსეთის მიერ „აფხაზეთის არმიის” მოდერნიზაციის დაფინანსება საქართველოსთვის ახალი გამოწვევაა, რომელიც შესაძლოა თბილისზე ზემოქმედების დამატებით ბერკეტად იქცეს. ყველაზე მთავარი და სერიოზული საფრთხე კი რუსეთის საოკუპაციო ძალებია, რადგან მათ შეიარაღებაში საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო თუ სარაკეტო შორი რადიუსის მოქმედი სისტემები შედის.
თუმცა, კრემლის მიერ აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების” მოდერნიზაციის დაფინანსება, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით საქართველოს მიმართ, მნიშვნელოვნად მაინც არაფერს ცვლის; საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ძალები რჩება, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებშია განთავსებული. ამის შესახებ „რეზონანსს” ჟურნალ „არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ლადაშვილი ესაუბრა.
„ოკუპირებულ აფხაზეთში ისედაც არის ისეთი შეიარაღების სისტემები, რომლებიც შეიძლება თანამედროვედ ჩაითვალოს, მითუმეტეს, ქართულ არმიასთან შედარებით, მაგრამ, ამ თანამედროვე იარაღს სჭირდება უფრო მეტი მომზადება პირადი შემადგენლობის მიერ მათი გამოყენებისთვის.
„არამგონია „აფხაზეთის არმიას” ამხელა პოტენციალი ჰქონდეს, რადგან მათი რიცხოვნობა ისედაც მინიმალურია – განსაკუთრებული შეიარაღების შეტანა-გამოტანას მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთის საოკუპაციო ბაზის შეიარაღებაში უკვე არის შორი რადიუსის მოქმედი შეიარაღება, ეს იქნება საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო თუ სარაკეტო, რომელიც საკმაოდ კრიტიკული და მგრძნობიარეა საქართველოს უსაფრთხოებისთვის,” – აღნიშნა მან.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა 22 სექტემბერს მოაწერა ხელი, აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების” მოდერნიზაციის დაფინანსებას ითვალისწინებს. რუსულმა მედიამ შესაბამისი დოკუმენტი 23 სექტემბერს გამოაქვეყნა.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია „რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან „აფხაზეთის არმიის” მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ გაჟღერებულ განცხადებაში ახალი არაფერია, რადგან ეს ე.წ. მცოცავი ანექსიის ნაწილია.
„ეს პროცესი არის ე.წ. მცოცავი ანექსიის ნაწილი, რადგან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო კუთხით რუსეთი ცდილობს, ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ” აღიარა, თავისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სივრცის ნაწილად აქციოს. ამ შემთხვევაში სამხედრო მოდერნიზაციის დაფინანსებაც ამ პროცესის ნაწილია, – ეს რუსული ჰიბრიდული გამოწვევის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია.
„კონკრეტულად რა ტიპის მოდერნიზაციაზეა საუბარი, ძნელია თქმა. მეეჭვება, რომ „აფხაზურ შეიარაღებულ ძალებს” რაიმე თანამედროვე, ულტრათანამედროვე შეიარაღება გადასცეს. აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ბაზებია განთავსებული. რეალურად, სამხედრო კუთხით, ეს რუსეთს არ სჭირდება, უფრო პოლიტიკური პროცესის ნაწილია,” – აღნიშნა ქუთელიამ.
ბოლო პერიოდში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის ასეთ გააქტიურებას ირაკლი ალადაშვილი პოლიტიკური მიზეზებით ხსნის; ამ განზრახვით, კრემლი აფხაზებს აჩვენებს, რომ თავად აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბას „გამარჯვებას” მხარდაჭერას უცხადებს. შესაბამისად, მიზანი ადგილობრივების საპროტესტო ტალღის შეჩერებაა.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 22 სექტემბერს გამოსცა განკარგულება, რომელიც „აფხაზური არმიის” მოდერნიზაციას ითვალისწინებს. როგორც „აფხაზეთის არმია,” – ამ ეტაპისთვის ეს არასერიოზულია, – „არმიაში” დაახლოებით 2 ათას კაცამდეა, რაც რაოდენობით ერთ რუსულ მოტორმსროლელ ბრიგადაზე ნაკლებია.
„გარდა ამისა, 2015 წელს რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ე.წ. აფხაზეთის არმიის ნაწილი შეეერთებინა; შესაბამისად აფხაზეთში გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნა, სადაც რუსეთის მე-7 საოკუპაციო არმიას აფხაზური რამდენიმე „დანაყოფი” შეუერთდა. ამის ფონზე, ისედაც მცირე ზომის, ე.წ. აფხაზური არმიის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა. ეს სიტუაციას არ ცვლის; დღეს 2 ათას სეპარატისტ აფხაზს „კალაშნიკოვს” მისცემ თუ ახალ ავტომატს, ეს ბევრს არაფერს შეცვლის. მთავარი ძალა რუსეთის მე-7 საოკუპაციო ბაზაა.
„უფრო პოლიტიკური მიზეზი არსებობს; ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ისევ ხაჯიმბას გაამარჯვებინეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. შესაძლოა ეს კრემლის პოლიტიკური ხერხი იყოს, ადგილობრივ აფხაზებს აჩვენოს, რომ რუსეთი მხარს უჭერს რაულ ხაჯიმბას და ამიტომაც ფიქრობს, „აფხაზური არმიის” მოდერნიზაციაზე. რეგულარული ე.წ. არმიაში 2 ათას კაცამდე ჰყავთ და მის მოდერნიზაციას არავითარი დიდი მნიშვენლობა არ ექნება.
ალადაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებს თანამედროვე შეიარაღება აქვთ, დიდი პოტენციალი მაინც არ გააჩნია, თუმცა, მთავარ საფრთხედ თავად რუსებს ასახელებს, რომლებიც აფხაზ სეპარატისტებს „საფრად იყენებენ.”
„ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციულ საზღვარი მანამდე სოფლებს შორის გადიოდა, რაც დიდი პრობლემაა. რატომ არ არსებობს ეს პრობლემა ოკუპირებული აფხაზეთთან მიმართებაში? – ჩვენდა სამწუხაროდ, მდინარე ენგური ბუნებრივ „საზღვარად” იქცა. ეს არის „შირმა,” ადგილობრივი სეპარატისტების გამოყენება, რომ რუსეთი არ გამოჩნდეს და ეს თითქოს სრულყოფილი „დამოუკიდებელი სახელმწიფო” არის. კულუარებში რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას იღებს რუსეთი და სწორედ ის მართავს,” – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.
ბათუ ქუთელიას თქმით, „აფხაზეთის არმიის” მოდერნიზაციის დაფინანსების საკითხს, მოსკოვი თბილისზე ზემოქმედების ახალ ბერკეტად გამოიყენებს.
„ზეწოლის ბერკეტებად რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ყველაფერი, ოკუპირებული ტერიტორიები თავისთავად არის ზეწოლის ბერკეტი. მთავარი ამოცანაა საქართველოს უარი ათქმევინოს თავის სუვერენულ არჩევანზე, – გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრი ქვეყანა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა, უალტერნატივოა და მაქსიმალურად ვეცადოთ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას.
„ეს არის ერთადერთი სწორი პასუხი სწორედ რუსულ ჰიბრიდულ გამოწვევებზე, რომლის ნაწილიც ეს სამხედრო თემა გახლავთ,” – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმების ხელმოწერამდე მოსკოვი და სოხუმი ამ საკითხზე დეტალურ მოლაპარაკებებს გამართავენ, რომელშიც მონაწილეობას რუსეთის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.
რეზონანსი