ამის შესახებ პარალამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ყველამ საკუთარ შინაგან გაუბედაობას თუ მუხრუჭებს, თავად უნდა გადააბიჯოს. ეს ისეთი საკითხია, რომელზეც სხვა ვერავინ ვერ ისაუბრებს, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ ყველაზე ამორალური მეთოდების გამოყენებით გარკვეულ გავლენას ექვემდებარებიან. ოხანაშვილი ნუ მასწავლის ვის და სად უნდა მივმართო. მასზე ბევრად ადრე ვისწავლე ეს მიმართულებები. ამიტომ მოსწავლე მასწავლებელს ვერაფერით ვერ ასწავლის. მე უბრალოდ გეტყვით, რომ არ იქნება ეთიკური ვისაუბრო იმ ადამიანების ნაცვლად, მაგრამ თავისთავად იმის დაშვება, რომ შესაძლებელია დღესაც წინა რეჟიმის მსგავსად იმ ძველმა სისტემამ შეინარჩუნოს თავი ისე, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა იმავე მეთოდების გამოყენება, ეს ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი რამაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ როგორც წინა ხელისუფლება იყო შესაცვლელი, ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია, რომელმაც ვერ შეძლო გაემართა სისტემა იმგვარად, რომ ადამიანებზე ასეთი ზეწოლის არ ხდებოდეს.
მე არ ვამბობ, რომ ეს მასიურად ხდება. ყოველ შემთხვევაში მე რამდენიმე შემთხვევაზე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თავად უნდა ისაუბრონ. ეს ის თემა არ არის, სადაც შეიძლება მე დავარღვიო ვინმეს პირადი სივრცე. მე ამას ძალიან მტკივნეულად განვიცდი, რადგან ეს იყო პირველი, რაც უნდა შეგვეცვალა. არ აქვს მნიშვნელობა მასშტაბი რამხელა იქნება. იქ, სადაც ერთი, ორი, სამი შემთხვევა იქნება და თვალს დავხუჭავთ, ეს ძალიან სწრაფად გაიზრდება. მე ვიცი, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი ფაქტი. ვიცი იმ ადამიანებისგან, ვისაც ეს შეეხო, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.