„ავადსახსენებელი და მე ვიტყოდი ყველაზე სასტიკი პრეზიდენტი“ – ასე მოიხსენია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ „TV პირველის“ გადაცემაში „დღის ამბები დიანა ტრაპაიძესთან ერთად“.
ბესელია აცხადებს, რომ ავლაბრის სასახლე ქვეყანას ძვირი უჯდება და საქართველოს მსგავს პატარა სახელმწიფოს ორბელიანების სასახლე უფრო შეეფერება. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ავლაბრის სასახლეში პირველი ყველაზე სასტიკი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შევიდა და ასეთი პრეზიდენტის გემოვნებით აშენებული შენობა ქვეყნას არ სჭირდება.
„ეს სასახლე რომელსაც არ აქვს მთლიანად კარგი ისტორია. მისი აშენებაც ბევრ საეჭვო გარემოებას უკავშირდება. ქვეყანაში სადაც მართლა ძალიან ბევრი პრობლემაა და იმ სასახლეში პირველი შევიდა ბოლო, უახლესი ისტორიაში ყველაზე ავადსახსენებელი და მე ვიტყოდი ყველაზე სასტიკი პრეზიდენტი და პირველი პირი ვინც კი ჰყოლია ქვეყანას. ამ ქვეყანას, ამ სასახლის მატარებელი, ამდაგვარი პრეზიდენტის, ესე ვთქვათ გემოვნებით აშენებული შენობა არ სჭირდება. კიდევ ვამბობ, საეჭვო გარემოება ახლდა მის აშენებას ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე.
იმ სასახლეს აქვს კიდევ ერთი პრობლემა, რომ იმდენად მართლაც დიდი ხარჯი ახლავს ამ შენობის შენახვას, რომ არ არის გამართლებული, არ არის რაციონალური, როდესაც გაქვს სპეციალურად პრეზიდენტისთვის აშენებული და ამისთვის გაღებულია ძალიან ბევრი ხარჯი და ჩვენი ტიპის ქვეყანას მოუხდება ათონელის სასახლე პრეზიდენტისთვის“, განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ასევე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით დისკუსია უნდა დასრულდეს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნულ საკითხზე დებატების წარმართვა მომგებიანი არ არის.
„თემები დაილია და სხვა თემები არ არის? ამ თემაზე „ქართულმა ოცნებამ“ დებატები დიდი ხნის წინ დაასრულა. ვინც საპრეზიდენტო კამპანიის წარმართვას ამ თემით ცდილობს, მისთვის მთლად მომგებიანი არ უნდა იყოს. ეს პოლემიკა უნდა დასრულდეს, რადგან ქვეყანაში ბევრი სხვა პრობლემა და გამოწვევა არსებობს, ამაზე საუბარი კი ცოტა უხერხულია. არ მგონია რომ საარჩევნო კამპანიის დროს შენობებზე ამდენი დებატი უნდა იმართებოდეს. კარგი იქნება დავამთავროთ ეს დისკუსია, ნუღარ გავზომავთ ამ ფართობებს, რადგან ამ გაზომვაში მე მგონია რომ ზარალდებიან თავად კანდიდატები“, განაცხადა ბესელიამ.
http://hope.hold.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი