ვინ არიან ოზურგეთელი გოგონები, რომლებიც ლისაბონში საერთაშორისო ვებ-სამიტზე მიემგზავრებიან

ლისაბონში ტექნოლოგიების ვებ-სამიტზე ინოვაციური განათლების ფონდის მიერ შერჩეული ოთხი კანდიდატი მიემგზავრება. მათგან ორი – ია თავდიშვილი და თამო ონიანი, ოზურგეთელია. გოგონებმა თავდაპირველად პროექტში “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ციფრული უნარების გადაცემის გზით” მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც ფინალური შერჩევაზე სხვა 50 მონაწილეს შორის გაიმარჯვეს და ვებ-სამიტზე დასწრების შესაძლებლობა მოიპოვეს.

სამიტი ლისაბონში 4-7 ნოემბერს ჩატარდება. პროექტი გაეროს ქალთა ფონდის ორგანიზებით, ინოვაციური განათლების ფონდ “ჯეოლაბსა” და სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ერთად ხორციელდებოდა, რომელსაც რეგიონული ტრენერი ხათუნა რუსიეშვილი უძღვებოდა.

გოგონების თქმით, სანამ ისინი პროექტში მოხვდებოდნენ, ტექნოლოგიებისგან საკმაოდ შორს იყვნენ, თუმცა პროექტის შემდეგ, ვებ-პროგრამირება მათ თავისუფლად შეუძლიათ.

როგორც გოგოები “რეგიონულ კვირას” უყვებიან, თამო ერთ-ერთ კომპანიაში, საიტის აწყობაში იღებდა მონაწილეობას, ია კი ერთ-ერთი ლინგვისტური კომპანიის სოციალური მედიის მართვაში. ორივე მათგანი საკმაოდ წარმატებულია თავის საქმიანობაში, რომელშიც ამჟამად ახალი უნარების შეძენაც ეხმარებათ. თამო „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში“ მუშაობს, იას საკუთარი სამკერვალო ატელიე აქვს. ტექნოლოგიები მათი ახალი ინტერესის სფეროა, მუდმივად ცდილობენ, რაღაც ახალი შემატონ ცოდნას და შემდეგ გაავრცელონ.

websummit.com მსოფლიოში უდიდესი ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება. ჟურბალ “ფორბსის” შეფასებით, ის საუკეთესო ტექნოლოგიური კონფერენციაა პლანეტაზე. ხოლო, გამოცემა “ატლანტიკის” აზრით, ეს ის ადგილია, სადაც მომავალი იბადება.

რეგიონული კვირა