ვახშმის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, ექთანს წამალი სთხოვა – მარტყოფის შშმ პირთა თავშესაფარში ახალგაზრდა გოგო დაიღუპა

მარტყოფის შშმ პირთა თავშესაფარში მცხოვრები 30 წლის თამარ მერებაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ვალერი ჩიტაიამ უამბო.

როგორც ის ამბობს, თამარ მერებაშვილი ეპილეფსიური გულყრის დროს უყურადღებობის გამო დაიღუპა. ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალმა საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნო და მორიგე მედპერსონალს ტკივილგამაყუჩებელი სთხოვა. მისი გარდაცვალების ფაქტი პანსიონატში ცნობილი დილას გახდა.

„ვახშმის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, ექთანს წამალი სთხოვა. უთქვამს თავი მტკივაო. ამის შემდეგ 23:00 საათზე ნახა ბოლოს მედ პერსონალმა. გოგონამ, რომელიც მის ოთახში ცხოვრობდა, მითხრა, რომ ღამე ცუდად იყოო, ვყვიროდი, მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმოდაო. ის ოთახიდან დამოუკიდებლად ვერ გავიდოდა, რადგან ეტლით მოსარგებლეა. დილას თამუნას ცხედარი ოთახში იპოვეს. ამის შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და გაიგო იმ გოგონამ სასწრაფოს ექიმის ნათქვამი – დიდი ხნის მკვდარია, უკვე ცხედარი გაციებულიაო“ – ამბობს ვალერი ჩიტაია.

მე ამ ფაქტზე საუბარი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველამ იცოდეს, ბავშვთა სახლებსა თუ თავშესაფრებში გულგრილობასა და უკანონობას არასოდეს შევგუებივარ და არც მომავალში გავჩუმდები. ეს შემზარავი ფაქტია და არ შეიძლება საზოგადოება დუმდეს.

„პრაიმტაიმი“ ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდს დაუკავშირდა, რომელიც მარტყოფის თავშესაფრის ზემდგომი ორგანოა.

უწყებაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ მას ეპილეფსია მართლაც ჰქონდა. კომენტარს ვერ აკეთებენ სამსახურეობრივი მოვალეობის გულგრილობაზე, რადგან ძიება მიმდინარეობს და პირველ რიგში, ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

„ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, მიმდინარეობს გამოძიება, ასევე ჩართულია ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის შიდა და ჯანდაცვის სამინიტროს მონიტორინგის სამსახურები. ამ ეტაპზე ვერავის დავადანაშაულებ და ვერც გავამართლებ, რადგან როგორც აღვნიშნე, გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ არც ექსპერტიზის პასუხებია ცნობილი. ვიცი, რომ წინა დღეს მომვლელს გახარებული ეუბნებოდა, რომ პენსია ავიღე და მშობლებს გავუგზავნიო. წინა საღამოს სხვა დეტალი ჯერჯერობით უცნობია“ – განმარტავს მერი მაღლაფერიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური