ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნდა უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი, რომელიც დაღუპული ქართველი თანამებრძოლის ხსოვნას ეძღვნება. წერილი საელჩოში უცნობმა სამხედრომ გააგზავნა და მასში იგონებს 2015 წელს, ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს – ვასილ ყულჯანიშვილს.
საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ:
“დღეს დილას გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ. საელჩოში დაგვხვდა უცნობის მიერ გამოგზავნილი ყვავილები წერილით, რომელიც ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 2015 წელს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივისცემას გამოხატავს:
“აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყველა მებრძოლისთვის, ვინც მუშაობდა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად და ყველასთვის, ვინც იბრძოდა შენთან ერთად – შენი მსხვერპლი არ არის დაკარგული და არც დავიწყებული” – ვკითხულობთ წერილში, რომელიც ხელმოწერილია – All of Us (ყველა ჩვენგანისგან)”.
ჩვენი უღრმესი პატივისცემა უცნობ ამერიკელ ჯარისკაცს და ყველა მეომარს მშვიდობისა და თავისუფლებისათვის!” – ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.