ცქიტიშვილი რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

ჩვენ ვნახეთ არაერთი პოზიტიური შეფასება სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, – აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შეფასებისას.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ არსებული ვითარება, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ამ პირობებში, ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორების მეშვეობით მოხდა ამ შეხვედრის ორგანიზება. ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი კონფლიქტი ვერ წყდება დიალოგის გარეშე. დიპლომატია არის ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული ძალიან მწვავე პრობლემების გათვალისწინებით „დიალოგი უნდა გაგრძელდეს და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“.
ipress.ge