რუსეთის ზეწოლა საქართველოზე განსაკუთრებით ბოლო ხანს პერმანენტულ ხასიათს ატარებს, ისინი საქართველოში ყველა მიმართულებით გააქტიურდნენ, ოკუპანტები ბორდერიზაციის პროცესს დაუბრკოლებლად აგრძელებენ, განსაკუთრებით აქტიურობს რუსული რბილი ძალა, არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ საქართველო მოექცეს ისეთ ჩიხში, რომ საგარეო პოლიტიკა შეცვალოს, ან დღეს საკმარისად აქტიურია თუ არა დასავლეთი იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს გეოსტრატეგიული მისწრაფებები.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” ამბობს, რომ დღეს დასავლეთში საკმაოდ რთული სიტუაციაა, რაც ბუნებრივია, საქართველოზეც აისახება.
„თვითონ დასავლეთში დღეს საკმაოდ რთული სიტუაციაა, რაც ჩვენთვისაც გეოპოლიტიკურად რთულია, ტრამპის ბოლო საკითხი, რომელიც შეეხებოდა უკრაინის სამხედრო დახმარების შემცირებას, ამით მან თავის თავს გამოუტანა ფაქტიურად განაჩენი, რაც მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საფუძველი გახდა.
“ამას დაემატა ტრამპის სხვა განცხადებებიც, რომელიც წარმოაჩენს იმას, რომ აშშ გადადის ნეოიზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკურ კურსზე და ნაკლებად აინტერესებთ, როგორ განვითარდება სიტუაცია სხვა ქვეყნებში.
„ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე პრაგმატული გეოპოლიტიკური კურსი აირჩია -იგივე კურტ ვოლკერის გადაყენება, კიდევ სხვა ფაქტორები მიუთითებენ იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის გავლენა გლობალურ დონეზე შემცირდება, უკვე მცირდება კიდეც.
“ევროკავშირს თავის პრობლემა აქვს, ბრიტანეთშიც საკმაოდ არაორდინალური სიტუაციაა, ამიტომ, აქედან გამომდინარე, დღეს არის ის პირობები, როდესაც ყველა თავის თავშია ჩაკეტილი.
„ტრამპის ალგორითმი, რომელიც იყო კლასიკური ცივი ომის პერიოდში, დასავლეთის კოლექტიური მცდელობა შეეკავებინათ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი და აგრესია, დღეს ვერ ხერხდება,
“ფაქტობრივად დეს მულტიპოლარული სამყაროა, სადაც გამოიკვეთა სამი გლობალური გავლენის ცენტრი – აშშ, ჩინეთი და რუსეთი და ამ მულტიპოლარულ მსოფლიო წესრიგში ხდება შეზღუდული, ახალი ცივი ომის განვითარება, აშშ უპირისპირდება რუსეთს და ასევე ჩინეთს, ჩვენ ცოტა არაორდინალურ სხვა განზომილებაში ვართ, ზუსტად ამ ფონზე გადავიდა საკითხი იმაზე, რომ ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს.
„როდესაც ამერიკის ადმინისტრაციამ 400-მლნ. დოლარიანი სამხედრო დახმარება შეაჩერა იმის გამო, რომ ზელენსკისთან იყო ვაჭრობა ბაიდენთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ასეთი ტენდენციები ავითარებს რუსულ გეოპოლიტიკურ და ჰეგემონურ ამბიციებს, კრემლი ასეთ ვითარებაში საკმაოდ კომფორტულად გრძნობს, როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ და ლოკალურ დონეებზე,რა თქმა უნდა ამის შედეგად გაიზარდა ზეწოლა საქართველოზე და ეს ჩვენ უკვე ვიგრძენით.”-განაცხადა ექსპერტმა.
მაისაიასვე თქმით, რუსეთი უკვე დაუფარავად მოქმედებს, გააუქმა აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რაც მთავარი მიზეზი გახდა ზალკალიანი-რავროვის შეხვედრისა.
„ის აბსოლუტურად ღიად მოქმედებს, დაწყებული ხისტი ძალიდან, იგივე ჩორჩანაში და სხვაგან გამოყენებული რეალური სამხედრო დაპირისპირება, ჰიბრიდული ომის პირდაპირი წარმოება საქართველოს წინააღმდეგ, მან ფაქტობრივად გააუქმა აბაშიძე-კარასინის ფორმატი.
“კარასინი ფაქტიურად გაგდებულ იქნა და ერთგვარი ულტიმატუმი წამოაყენა, როგორც ჩანს ეს გახდა მთავარი საბაბი, რომ მოხდა ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა გაეროს ფარგლებში, რომ შემდგმში შექმნილიყო რაიმე ორმხრივი ფორმატი, თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო მოლაპარაკება. ასე რომ, დღეს სიტუაცია სამწუხაროდ ჩვენს საპირისპიროდ მოქმედებს.”-განაცხადა მან.
მაისაია ამბობს, რომ თუ აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტი მეორე ვადით მოვიდა, ისევ იგივე კურსს გააგრძელებს, როგორიც ახლაა.
„მსოფლიო წესრიგი კარდინალურად იცვლება, აშშ რამდენად წავა თავის ნეოიზოლაციონისტური პოლიტიკური კურსის წიაღში, ესაც მნიშვნელოვანია, იმედია ჯო ბაიდენი გაცილებით უფრო აქტიური იქნება, ვიდრე ახლა ტრამპია,
“თუ ტრამპი მეორე საპრეზიდენტი ვადით მოვიდა, ეს კურსი კიდევ უფრო გაგრძელდება, მოგეხსენებათ, ტრამპმა ბოლო ხანს რუსეთთან ტონი შეარბილა, ეს გამოიკვეთება იგივე ტრამპის განცხადებაში რუსეთის დიდ რვიანში დაბრუნების თაობაზე, ასევე, უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე.
„ეს საქართველოსთვის გარკვეულწილად უკვე ცუდ ფონს და რთულ გარემოებას ქმნის, რომელიც რა თქმა უნდა ფაქტიურად ჩვენს საგარეო კურსზეც აისახება.
„დღეს ის ტენდენციები შეინიშება, რომ მსოფლიოში „ყველამ თავის თავს მიხედოს” პოლიტიკაა.”-განაცხადა მაისაიამ.
rezonansi