სააკაშვილმა რამდენი სისულელეც არ უნდა თქვას, პასუხისმგებელი ივანიშვილია-ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების შენარჩუნებაში უნებლიედ უწყობს ხელს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“უიმედობის დანერგვა არჩევნების მიმართ არის წამალი, რომ საპროტესტო ამომრჩევლის რაღაც ნაწილი მაინც დარჩეს სახლში. ვინც რადიკალურად არის განწყობილი, ის მოვა, ამიტომ შეიძლება მოეწონოს კიდეც, რომ რადიკალურად ამბობს [სააკაშვილი]”, — განმარტა ბოკერიამ.

მისი თქმით, არჩევნების გარეშე ხელისუფლების შეცვლა საფრთხეების მომტანია ქვეყნისთვის.

“ოღონდ აქ ივანიშვილია დამნაშავე, სააკაშვილი არაფერ შუაში არ არის. სააკაშვილი წასულია. რამდენი სისულელეც არ უნდა თქვას, პასუხისმგებელი ივანიშვილია, რადგან ის უბიძგებს ქვეყანას რადიკალიზაციისკენ. მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავაჩეხინოთ ქვეყანა [ივანიშვილს] და მშვიდობიანად გავუშვათ არჩევნებით”, — დასძინა ევროპული საქართველოს ლიდერმა.

მისი თქმით, სააკაშვილმა გასული არჩევნები მის ჩამოსასვლელად ჩატარებულ რეფერენდუმად აქცია და პოპულისტური გზავნილები გაავრცელა:

“ანუ ის გზავნილები გააჟღერა, რომელიც მერე უსინდისოდ გამოიყენა ივანიშვილის პროპაგანდამ ხალხის შესაშინებლად — უთხრეს, რომ არეულობა მოდის. მაშინაც შეუგნებლად დაეხმარა ქვეყნის მთავარ საფრთხეს — ივანიშვილს. ეს მოდის აქედან: “ან მე უნდა ვიყო, ან ქვა ქვაზე ნუ ყოფილა, იყოს მაშინ ივანიშვილი”. ეს დამოკიდებულება არის უპატიებელი. პოლიტიკოსმა, რომელმაც ხალხს ვერ აპატია, რომ ვერ აირჩიეს, არ შეიძლება იყოს ის, ვინც ააშენებს ქვეყნის მომავალს”.