„ევროპული საქართველო” და „ნაცმოძრაობა” ერთ პლატფორმაზე აღარ არიან, თუმცა შესაძლოა მათ სხვადასხვა პლატფორმაზე იმუშაონ, რომ სხვადასხვა ტიპის აუდიტორია მიიზიდონ.
“თუ მივყვებით იმ ვერსიას რომ ეს ძალები ერთმანეთის მიმართ შედარებით ლოიალურად არიან განწყობილი, შესაძლოა ახალი ლიდერის შექმნაზე მუშაობდნენ, ამ შემთხევაში ვგულისხმობ ბოკერიას. „ევროპული საქართველოსთვის” სააკაშვილის განცხადებები მომგებიანი იყო,” – აცხადებს „რეზონანსთან” ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს შესახებ საუბრისას.
არჩილ გამზარიდია: სააკაშვილი თავისი გადასახედიდან ვითარებას უფრო მარკეტინგულად უდგება და როგორც ჩანს, ლიბერალური პლატფორმის ნაცვლად, კონსევატორულ პლატფორმაზე მუშაობს.
ის შეხვედრები, რასაც ის დისტანციურად თავის ელექტორატთან მართავს, უბიძგებს იმისკენ, რომ უფრო კონსერვატიული გახდეს, რადგან, მასობრივი განწყობები სწორედ ასეთია საქართველოში. სააკაშვილმა თავისი პლატფორმით წარმატებას ვერ მიაღწია და ამ მხრივ ახლის ძიებაშია.
სააკაშვილის ამ შეხედულებების დაჯერება საქართველოში ნაკლებად პერსპექტიულია, მაგრამ, ის შეიძლება აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ლიბერალურ პლატფორმაზე მას განსაკუთრებული მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს. გარე აუდიტორიაზე უფრო არის ორიენტირებული, ვიდრე საქართველოს საზოგადოებაზე, რადგან საქართველოში მისი განცხადებები საკმაოდ ირონიულად მიიღეს მის მიმართ ლოიალურად განწყობილმა პირებმაც კი.
ასევე, მესამე ფაქტორზეც შეიძლება ვისაუბროთ; სააკაშვილი შესაძლოა კურსს ვერ გრძნობს, თუ რა ხდება საქართველოში, – ვერ ხვდება მისი რა ტიპის აქტივობა იქნება უფრო მომგებიანი. ემოციურ-იმპულსურ განცხადებებს აკეთებს თავის ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებზე, რომლებთანაც „ნაციონალური მოძრაობა” მეტ-ნაკლებად თანამშრომლობს.
ვერ ვიტყოდი რომ ამ განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობისთვის” პოზიტიური შედეგი მოაქვს, სამაგიეროდ პოზიტიური შედეგი „ევროპული საქართველოსთვის და მმართველი პარტიისთვის მოაქვს, რადგან როგორც კი მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდება, „ქართული ოცნება” აქცენტებს აკეთებს სააკაშვილზე და ბოლო წლებია ამას ვუყურებთ. ერთი და იგივე ფირფიტის ტრიალით ფაქტია, „ოცნება” მაინც იგებს.
„რეზონანსი”: რამდენად მომგებიანია სააკაშვილისთვის ქრისტიანულ ფასეულობებზე საუბარი, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, აპირებს საქართველოში ჩამოსვლას?
ა.გ: ეს განცხადებები მუდმივად კეთდება მისი მხარდამჭერების მიმართ, რადგან მათ შინაგანი ენერგია და ოპტიმიზმი სჭირდებათ. თუმცა, სააკაშვილი ასეთი კონსერვატორული განცხადებებით ძალიან უტრირებს. ძალიან რთულია დღეს სააკაშვილმა ქართულ გარემოში ეს პოზიცია მოირგოს, რადგან კონსერვატორული ძალები იმთავითვე სააკაშვილის წინააღმდეგები იყვნენ.
„რ”: დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი პირადი ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს. ამ განცხადების საფუძველზე 30 სექტემბერს ის პროკურატურაში იყო გამოკითხვაზე. რამდენად იქნება ეს საქმე გამოძიებული და 2020 წლისათვის, ეს ფაქტი რამდენად იმოქმედებს მმართველი გუნდის რეიტინგზე?
ა.გ: ვხედავთ, რამდენი გამოძიება დაწყებულა, თუმცა ამას ნათელი არ მოჰყოლია. ამის პერსპექტივა ძალიან დაბალია, თანაც იმ ფარგლებში, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც ჩანაწერები და პირად ცხოვრებაზე აქცენტებიც ტოტალურია. თეორიულად ამან უნდა იმოქმედოს ხელისუფლების რეიტინგზე, მაგრამ მმართველ გუნდის რეიტინგი ისედაც უკიდურესად დაბალია.
მათი გამარჯვება არჩევნებში სრულიად სხვა ფაქტორების შედეგია; „ქართული ოცნება” ისევ „ნაციონალურ მოძრაობაზე” აპელირებით ახერხებს ამას. პარტია, რომელსაც მხარდამჭერები ძალიან მცირე ჰყავს, ახერხებს არჩევნებში წარმატების მიღწევას. დიდ ნაწილს აქვს ნეგატიური შეხედულება, მაგრამ „ოცნება” შესაძლოა ისევ ამ ფაქტორებით გავიდეს ფონს.
მთელ ამ დავიდარებაში ერთი დიდი ქაოსი იქმნება, მითუმეტეს 2020 წლისთვის პოლიტიკურ სუბიექტებს ნულოვანი ბარიერის გამო, გარკვეული იმედები აქვთ. ამიტომ შესაძლოა შეიქმნას ქაოსი, არანორმალურად დიდი რაოდენობა მონაწილე სუბიექტებისა და საბოლოო ჯამში, ისევ „ქართულმა ოცნებამ” ისარგებლოს ამ ქაოსით, გაურკვეველი ამომრჩევლები სათავისოდ გადაიბიროს.
შესაძლოა სრულიად სხვა შესაძლებლობებით აპირებდეს „ოცნება” არჩევნებში გამარჯვებას ან წარმატებული შედეგის დადებას. შესაძლოა გარკვეული იმიტაციაც მოხდეს „ქართული ოცნების” ბრენდის ქვეშ. არც მოხდეს უმრავლესობის შექმნა, უბრალოდ მისდამი ლოიალური სუბიექტების ერთობლიობით მოხდეს ეს ყველაფერი.
rezonansi