დღეს ერთ ამერიკელ ქალზე მოგიყვებით, რომელსაც, სამწუხაროდ არ აქვს სახლი და ცხოვრების უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებს. თუმცა, აქვს ის, რამაც რამდენიმე წამში ვარსკვლავად აქცია.
საქმე ის არის, რომ 52 წლის ემილი ზამორკამ ლოს-ანჯელესის მეტროში ოპერა იმღერა, ამ ყველაფრის ამსახველი ემოციური ვიდეო მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ადამიანების დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.
ქალი 28 წლის წინ რუსეთში ცხოვრობდა და მევიოლინე იყო, დღეს კი უსახლკარო ემიგრანტია, რომელსაც საკუთარი თავის გამოსაკვებად მეტროში დგომა და გამვლელებისთვის სიმღერა უწევს.
ვიდეო, რომელშიც ემილი “O Mio Babbino Caro”-ს ასრულებს, ადგილობრივმა პოლიციის ოფიცერმა გადაიღო და ტვიტერზე ატვირთა წარწერით — “ლოს-ანჯელესი 4 მილიონი ადამიანის სახლია, აქ ამდენივე ისტორიაა და ამდენივე ხმა… ზოგჯერ უბრალოდ გვმართებს, გავჩერდეთ და მოვუსმინოთ თუ რა ლამაზად ჟღერენ ისინი”.