„აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავარაუდევია რუსეთის სამხედრო ზრდა და ბუნებრივია, ეს საქართველოსთვის ახალი პრობლემაა. თანაც, მოდერნიზაციის მიზანი რეალურად არის აფხაზური „ნაწილების” რუსეთისათვის დაქვემდებარება. ე.წ. საზღვარზეც რუსეთი იღებს პასუხისმგებლობას,” – აცხადებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შესახებ საუბრისას, რომ „რუსეთი აფხაზეთის „პრეზიდენტს” ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კვლავაც დაეხმარება.”
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტს” რაულ ხაჯიმბას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კვლავაც დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის საიტზე დაყრდნობით, „რია ნოვოსტი” ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისალოცი დეპეშა გაუგზავნა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ეროვნული დღესასწაულის გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაჭრაში კვლავაც ყოველმხრივ დაეხმარება,” – ნათქვამია მიმართვაში.
ნიკა ჩიტაძის განცხადებით, რუსეთის დაპირება ნიშნავს იმას, რომ „აფხაზეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში” ზეწოლა გაძლიერდება. ხოლო, „აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა” ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დასწრების გაზრდას გულისხმობს.
„საუბარია იმის შესახებ, რომ ე.წ. აფხაზური შეიარაღებული ძალების გარკვეული შენაერთები უკვე რუსეთის ფედერაციის შეარაღებული ძალების დაქვემდებარებაში შედის; აფხაზეთის ტერიტორიაზე 5 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტია განთავსებული, მათ შორის ე.წ. სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებიც. ეს ნიშნავს აფხაზეთზე, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ზეწოლის გაძლიერებას.
„ვიცით, რომ რუსებს და აფხაზებს შორის არსებობს ე.წ. ხელშეკრულება, რომელიც აფხაზეთის სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს ე.წ. საგარეო აგრესიის შემთხევაში, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია. თანაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთმა ანტისაჰაერო სისტემა ეს-300 განათვასა. საერთო ჯამში, რუსეთის სამხედრო დასწრება აფხაზეთში გაიზრდება,” – აღნიშნა ჩიტაძემ.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ 22 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება გამოიცა აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების” მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ. რუსულმა მედიამ შესაბამისი დოკუმენტი 23 სექტემბერს გამოაქვეყნა.
ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ „აფხაზეთის არმიის” მოდერნიზაციის დაფინანსება საქართველოსთვის ახალი გამოწვევაა, რომელიც შესაძლოა თბილისზე ზემოქმედების დამატებით ბერკეტად იქცეს, თუმცა ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ „აფხაზეთის შეიარაღებული ძალები” ისედაც რუსეთის დაქვემდებარებაშია. ასე რომ, მისი მოდერნიზაციის დაფინანსებაც გარკვეულწილად ილუზიაა. ყველაზე მთავარი და სერიოზული საფრთხე მაინც რუსეთის საოკუპაციო ძალებია.
„რა თქმა უნდა, ყველაფერს რუსეთი წყვეტს; „აფხაზეთის შეიარაღებული ძალები” რეალურად რუსეთს ექვემდებარება. მხოლოდ ფორმალურად არსებობდა, რადგან დიდი ნაწილი რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედის; რუსები აფახაზეთში და საზღვაო აკვატორიაშიც ყოველწლიურად სამხედრო წვრთნები ატარებენ,” – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
rezonansi