საქართველოში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩამოდის. გერმანიის პრეზიდენტს, რომელიც ბოლო დღეებში მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში უკრაინისთვის მომზადებული „ფორმულის» გამო მოექცა, საქართველოში მღელვარებით ელიან. სწორედ ის ცდილობდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში დაძაბულობის შემცირებას და ამ მიზნით სოხუმშიც იყო ჩასული, ხოლო ომის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკოზი–მედვედევის 2008 წლის შეთანხმების აღსრულების მისაღწევად. 2008 წელს გერმანიის იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების 3–ეტაპიანი გეგმა მოამზადა, თუმცა სოხუმში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, 3 კვირაში კი ომი დაიწყო. დღეს „შტაინმაიერის ფორმულის“ დებულებებთან დაკავშირებით უკრაინაში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე გერმანელი პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი ზოგიერთი კომენტატორის მიერ საქართველოსთვის ანალოგიური „ფორმულის“ შესაქმნელად ნიადაგის მოსინჯვად აღიქმება.
უკრაინაში პროტესტი „შტაინმაიერის ფორმულის“ შინაარსმა გამოიწვია, რომლის თანახმად, ეუთო–ს კონტროლქვეშ და მხარდაჭერით ტარდება ადგილობრივი არჩევნები, რის შემდეგაც დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები რაღაც „სპეციალური სტატუსის“ მიღებას შეძლებენ. კიევში ბევრი თვლის, რომ ამ გზით რუსეთი კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს და ეუთო–ზე საკუთარი გავლენის გამოყენებით დონბასში პოზიციებს მხოლოდ გაიმყარებს.
საქართველოში კი შტაინმაიერს 6 ოქტომბერს ელიან. დახვედრის ოფიციალური ცერემონია მომდევნო დღეს საპრეზიდენტო სასახლეში ჩატარდება, სადაც დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. გათვალისწინებულია ასევე შეხვედრები პრემიერ–მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და კათოლიკოს–პატრიარქთან.
ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ვიზიტის რეალური მიზანი საქართველო–რუსეთის ურთიერთობებს უკავშირდება. ეს აზრი მუსირებს გაერო–ში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ამასწინანდელი მოლაპარაკებების ფონზე, რომელიც საქართველოში ბევრმა საეჭვოდ აღიქვა. განსაკუთრებით – იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსულმა და ქართულმა საგარეო უწყებებმა ზალკალიანი–ლავროვის მოლაპარაკებების ინიციატორი მხარის შესახებ განსხვავებული განცხადებები გააკეთეს: ქართული მხარე ამბობს, რომ შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, მოსკოვი – რომ თხოვნა თბილისის მხრიდან მოდიოდა.
მართალია, საერთაშორისო ორგანიზაციები – გაერო, ეუთო და ევროკავშირი, ასევე აშშ-ის საელჩო ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას მიესალმნენ, თუმცა თავად საქართველოში ოპტიმისტური განწყობა ყველას როდი აქვს. ოპოზიცია ბოლოდროინდელ მოვლენებს ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ მმართველი „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს რუსეთისთვის საქართველოს ჩასაბარებლად“.
„ქართული ოცნება“ რუსულ ტექნოლოგიებზე დგას, რაც, რა თქმა უნდა, ძვირი ჯდება. ივანიშვილი უდავოდ რუსული გავლენის აგენტია, ისევე, როგორც ჩვენი პრემიერი გიორგი გახარია. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ძალიან ძვირად გვიჯდება – არა თანხობრივი, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტისა და სტატუსის, საქართველოს დამოუკიდებლობის კუთხით. ჩვენ უკვე ნეიტრალიტეტისკენ მივდივართ. პროდასავლური სისტემა, რომელიც ბოლო დრომდე შენდებოდა, ჩამოიშლება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია“, – აცხადებს ოპოზიციურ მაუწყებელ „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია
რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე ფიქრობს, რომ რუსეთთან დიალოგი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა წარიმართოს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ქართული მხარე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პარტნიორი (ამ შემთხვევაში გერმანია) რუსეთთან ურთიერთობის მხოლოდ საკუთარი ინტერესით არ ხელმძღვანელობს.
„მე მათ რიცხვს განვეკუთნები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებებში რუსეთთან პირისპირ დარჩენა კარგს არაფერს მოიტანს: რუსეთი, როგორც წესი, მოლაპარაკებებს მხოლოდ მის მიერ აგრესიით უკვე მიღწეულის დასამკვიდრებლად იყენებს; ცდილობს, მოერე მხარეს “ახალი რეალობა” აღიარებინოს და კიდევ სხვა დათმობებზე აიძულოს წასვლა. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, ნებისმიერი დიალოგი რუსეთთან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით წარიმართოს. თუმცა აქაც დიდი სიფრთხილეა საჭორო: დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი პარტნიორი, ამ შემთხვევაში გერმანია, რუსეთთან ურთიერთობის საკუთარი ინტერესით არ ხელმძღვანელობს და ეს მის მიერ შემოთავაზებული წინადადებებიდანაც გამოჩნდება” – განუცხადა “აქცენტს” ბადრიძემ.
რაც შეეხება უშუალოდ შტაინმაიერის ვიზიტს, როგორც ყოფილი ელჩი აღნიშნავს, “გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მან ერთხელ უკვე სცადა შუამავლობა, როცა საქართველოს ეწვია 2008 წლის ივლისში, თუმცა როგორც მალევე გაირკვა, მოსკოვს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ომის დაწყება და ამის თავიდან აცილება შტაინმაიერის დიპლომატიამ ვერ შეძლო”.
«ქართული მხარე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შტაინმაიერი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაში დაგვეხმარება და არა არსებულ მდგომარეობასთან შეგუაბაში, ანუ კაპიტულაციაში“,– განუცხადა „აქცენტს“ ბადრიძემ.
კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი კონფლიქტების მიმართულებით სერიოზულ გარღვევას არ ელის, რადგან მისი დაკვირვებით, საამისოდ ნიადაგი მომზადებული არ არის.
„მართალია, სულ მცირე, სამი მოვლენა – ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა, უკრაინაში «შტაინმაიერის ფორმულისკენ» გადადგმული ნაბაიჯები (ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიდის უკრაინაში მსჯელობა) და შაინმაიერის ვიზიტი საქართველოში რაღაცნაირად დაემთხვა ერთმანეთს, თუმცა მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაში სადღეისოდ შედეგების მიღწევა იყოს შესაძლებელი: ჯერ ერთი, ამ მიმართულებით მუშაობა არ იგრძნობა, რადგან როდესაც რაღაც სერიოზული მზადდება, ამაზე წინასწარ არის საუბარი, რაღაც ინფორმაცია გამოდის ხოლმე; მეორე – საქართველოს ხელისუფლებას სადღეისოდ არ გააჩნია შესაბამისი რეიტინგი, მხარდაჭერა, რომ ხსენებული მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას. ამდენად, საფუძვლიანად მეეჭვება, ამჟამად რაღაც სერიოზულ საკითხზე შეთანხმება მოხერხდეს. გარდა ამისა, უკრაინასთან დაკავშირებით «შტაინმაიერის ფორმულაზე» მანამდეც იყო საუბარი, ის კონფლიქტის დარეგულირების ერთ–ერთ მთავარ ფორმულად განიხილებოდა, საქართველოსან მიმართებაში კი შტაინმაიერი 2008 წლის შემდეგ არ გამოჩენილა. ჯამში, განზრახვაც რომ იყოს ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმის, დღეს არც დროა შესაბამისი და არც ნიადაგია მომზადებული. ვნახოთ, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ვიმეორებ, მეეჭვება, რაიმე სერიოზულზე იყოს საუბარი“,– განუცხადა „აქცენტს“ კანაშვილმა.
accent