გავიცნოთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მორიგი მონაწილე

საქმიანი და წარმატებული ჟურნალიტი: თამთა დადეშელი – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას და საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

-გაეცანით თამთა საზოგადოებას, რას საქმიანობთ, თქვენი ოჯახი, რა პროფესიის ბრძანდებით?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ.

-მართალია, ბიზნესლედი არა, მაგრამ ჩემი საქმიანობით გატაცებული ნამდვილად ვარ და სწორედ ამ საქმიანობის წყალობით, ბევრ წარმატებულ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა _ 2002 წლიდან სხვადასხვა ბეჭდური გამოცემის ჟურნალისტი ვარ. დავამთავრე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი (ამჟამად, თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსი), საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა მენეჯერის სპეციალობით და ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, ჟურნალისტური საქმიანობა დავიწყე იმ დროის ერთ–ერთ პოპულარულ გაზეთში _ ,,დილის გაზეთი“, სადაც პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების წყალობით, ამ სფეროში დიდი გამოცდილება მივიღე და ბევრი რამ ვისწავლე. კიდევ უფრო მეტი რამ შემიძლია ვთქვა და გაცილებით დიდი სიყვარული მაკავშირებს ,,პალიტრა მედიასთან“, უკვე 9 წელია, რაც ამ ჰოლდინგში, ბეჭდურ გამოცემებში ვმუშაობ, ესენია _ საზოგადოებრივ–პოლიტიკური ჟურნალი _  ,,გზა“, კულინარიული ჟურნალი _ ,,გემრიელია“, ვებ გვერდები _ ,,კვირისპალიტრა.გე“ და ,,ლელო.გე“.

ჩემი მშობლების გავლენით, ბეჭდური მედია ჩემთვის ბავშვობიდან საინტერესო იყო, რადგან დედა ჟურნალისტი და ფილოლოგია, მამა კი _ პოლიგრაფისტი და არაერთხელ მიდევნებია თვალ–ყური გაზეთებსა თუ წიგნებზე მუშაობის პროცესზე.

ჩემი აზრით, ჟურნალისტობა ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიაა. ინტერვიუებზე, პრეზენტაციებზე, პრემიერებზე სიარული ძალიან საინტერესოა, ინფორმაციების ოპერატიულად წერა დიდი აზარტია, ამ ყველაფრის გარეშე ყოფნა უკვე წარმოუდგენლად მეჩვენება. მით უმეტეს, თუ ეს ის საქმიანობაა, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდი. რედაქციაში, სადაც დედას ხშირად დავყავდი, ვუყურებდი, როგორ წერდნენ სტატიებს, როგორ კითხულობდა ერთი კორექტორი დედნიდან, მეორე კი ნაბეჭდ წერილს ასწორებდა, რომელიც, იმ დროს, ტყვიისგან ჩამოსხმული სტრიქონებით სტამბაში, ლინოტიპზე იწყობოდა… ალბათ, ამის გავლენაც იყო, რომ ჟურნალისტობის სურვილი ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში გამიჩნდა, თუმცა, მაშინ ტვ ჟურნალისტობა უფრო მხიბლავდა  და სარკის წინ, ხან საინფორმაციო გამოშვება მიმყავდა, ხან კულინარიული გადაცემა, ხან დიქტორს ვასახიერებდი და ა.შ. (იცინის). საბოლოოდ, ჩემი ცხოვრება პრესას, ბეჭდურ მედიას იმდენად დაუკავშირდა, რომ საკუთარ თავს სხვა სფეროში ვეღარც ვხედავ…

რამ გადაგაწყეტინათ ჩვენს პროექტში მონაწილეობის მიღება?..

-პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ შემოთავაზებისა და შესაძლებლობისთვის, რომ ამ საინტერესო და საჭირო პროექტში ვმონაწილეობ.  ვთვლი, რომ ქალბატონებმა ერთმანეთს უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი და ინტერესი გავუღვივოთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები, ცხოვრების განმავლობაში, ფუჭად არ მოვაცდინოთ, რადგან ქალის როლი და ჩართულობა ამა თუ იმ სფეროსა და საქმიანობაში, ნამდვილად მნიშვნელოვანია. თავის საქმიანობაში წარმატებული ქალი კი (და მამაკაციც), გაცილებით უფრო თავდაჯერებული, თავისუფალი, დამოუკიდებელი, მიზანდასახული, ბედნიერი და პოზიტიურია, ეს ყველაფერი კი მას, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო სასურველს ხდის საპირისპირო სქესის ადამიანისთვისაც;  განათლებული და სწორი აზროვნებით ჩამოყალიბებული დედა კი შვილებსაც უკეთ აღზრდის. ერთმანეთისთვის აზრებისა და გამოცდილების გაზიარება, სტიმულის მიცემა, ჩემთვისაც სასიამოვნოა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენს პროექტს შემოვუერთდე.

როგორ ფიქრობთ საქართველოში ქალბატონებისთვის უფრო ადვილია წარმატების მიღწევა, თუ მამაკაცებისთვის?..

ასე ვერ დავყოფ და ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყანაში სამსახურებში ვინმეს გენდერული ნიშნით ასხვავებენ, ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, ასეთი რამ არსად მიგრძნია და არასოდეს არავის დავუჩაგრივარ იმის გამო, რომ ქალი ვარ, არც სამსახურში და არც სადმე სხვაგან. პირიქით, ჩემი უფროსებისგან ყოველთვის ვგრძნობ დაფასებას, კეთილგანწყობას და მეგობრულ სიყვარულს.

 ბევრ ქალბატონს ვიცნობ, ვინც სხვადასხვა კომპანიასა თუ ორგანიზაციაში წამყვან თანამდებობაზე მუშაობს და თავის საქმიანობას მამაკაცებზე უკეთ თუ არა, ნაკლებად ნამდვილად არ ართმევს თავს. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, სქესზე კი არა, ადამიანის ნიჭზე, განათლებაზე, მონდომებაზეა დამოკიდებული, ამ ყველაფრის გამოყენების შნო უნდა ჰქონდეს. თუმცა, ისეთ ადამიანებზე ნუ ვისაუბრებთ, ვინც წარმატებას არაკეთილსინდისიერი გზებით ახერხებს…

 ყოველ საქმიანობას თან ახლავს სირთულე, არის ისეთი რაღაცებიც, რაც ჩვენთვის მოსაწონი ვერ იქნება, თუნდაც, შრომის ანაზღაურების კუთხით, მაგრამ უნდა ეცადო, შენს საქმიანობაში დადებითი რამ დაინახო და იმის გამო მოგწონდეს, გიყვარდეს და მისგან სიამოვნებას იღებდე. უნდა ეცადო, ოქროს შუალედი დაიჭირო და პირველივე წარუმატებელ ნაბიჯზე ფარ–ხმალი არ დაყარო, თორემ, მახსოვს, როდესაც პირველად წინასაარჩევნო რეპორტაჟზე გამგზავნეს, უცნობი რესპონდენტისთვის სახელისა და გვარის კითხვის მომერიდა და რედაქციაში მისულმა, ტირილი დავიწყე, სტატია რომ ,,მივარდებოდა“ (იცინის).

როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, ამ ჯერად პროექტის ოფიციალური მასპინძელია რესტორანი ლაზიკა, რას უსურვებდით მას?.. გსმენიათ ამ რესტორნის შესახებ?..

-,,ლაზიკას“ შესახებ თქვენი მეშვეობით გავიგე, თუმცა, რადგან ასეთ საინტერესო ღონისძიებას მასპინძლობს და თქვენ არჩევანი სწორედ მასზე გააკეთეთ, ვფიქრობ, ის იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც წარმატებული ადამიანების გამასპინძლებისთვისაა საჭირო (იღიმის). ამიტომ, თქვენს არჩევანს ვენდობი, ამ რესტორანს კი, რა თქმა უნდა, ყველაფერს საუკეთესოს, ბევრ სტუმარს, ბედნიერ სახეებს, სასიამოვნო საღამოებს ვუსურვებ. მიხარია, რომ პროექტი ჩემს დაბადების დღეს ემთხვევა და ,,ლაზიკა“ სწორედ ის ადგილი იქნება, რომელიც ამ დღეს გაგვახალისებს. რაც უფრო მეტი ასეთი პროექტი ჩატარდება, ქალბატონები, ერთმანეთის მხარდაჭერით, მით უფრო ძლიერები ვიქნებით და ჩვენს შესაძლებლობებს მამაკაცებიც უფრო მეტად დააფასებენ.

-ქალბატონო თამთა დაოჯახებული ბრძანდებით? როგორ ფიქრობთ, რთულია ოჯახისა და საქმიანობის შეთავსება და იქმნება თუ არა ამ მხრივ გარკვეული სიძნელეები?..

-ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ცნობილი თუ უცნობი ქალბატონია, ვისაც დიდი და ლამაზი ოჯახი აქვს, მაგრამ ამავე დროს, მუშაობს, თავის საქმიანობას წარმატებით ართმევს თავს და უარს არც საოჯახო საქმეებზე ამბობს. ასეთი ქალბატონების შესაძლებლობები ნამდვილად მაოცებს და ვაფასებ. თუმცა, მოდით ვაღიაროთ, რომ ნებისმიერი ასეთი წარმატება სწორედ ქალის გვერდით მყოფი მამაკაცის დამსახურებაა, რომ არა მეუღლის მხარში დგომა, გამგებიანობა, მეგობრული დამოკიდებულება, ვერც ერთი ქალი ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას, თუ ის ოჯახიდან დათრგუნული გამოდის.

ქალის უპირველესი მიზანი, რა თქმა უნდა, სწორედ საკუთარი ოჯახის ყოლაა, შვილებსა და მეუღლეზე ზრუნვა, მაგრამ მეუღლე მის სრულყოფასა და ბედნიერებას უნდა უწყობდეს ხელს და ალბათ, მამაკაცებიც დამეთანხმებიან, რომ სჯობს, ცოლს ბედნიერს ხედავდე, ვიდრე უყურებდე, როგორ ზის სახლში, ოჯახური რუტინისგან გადაღლილი სახით და დეპრესიული. შეგნებული მამაკაცი არასდროს იფიქრებს, რომ თუ ქალი მასზე წარმატებული გახდება, ამით ის მის თვალში წონას დაკარგავს. საბედნიეროდ, ბევრი მამაკაცია, ვისაც პირიქით, მოსწონს, როდესაც მის გვერდით რეალიზებული და წარმატებული ქალია, რომელთანაც ურთიერთშეთანხმებულად იცხოვრებს და სიმშვიდე და იდილია ექნება.

მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..

-ვფიქრობ, წარმატებულ ქალბატონობამდე გრძელი გზა მაქვს გასავლელი, ამიტომ, როგორც უბრალოდ თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანი ვურჩევდი, პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემა არ დაკარგონ, ის საქმე აკეთონ, რაც მათ სიამოვნებას მიანიჭებს. ახალი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ქალის ვიზუალი, რომელიც დროთა განმავლობაში ყველაფრის მიუხედავად  ელვარებას კარგავს, რაც უნდა იდეალური იყოს ის, არაფერია მისი შინაგანი სხივის გარეშე, რომელიც აუცილებლად აისახება მზერასა თუ გამომეტყველებაზე, ამიტომ ,,ყოველთვის ატარეთ თქვენი უხილავი გვირგვინი“ და გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, ოღონდ ისწრაფეთ მუდმივი განვითარებისკენ, რადგან 30–40 წლის ასაკში მართლაც ხარ ის, ვინც შენ საკუთარი თავისგან შექმენი. ამიტომ, ნუ დავუშვებთ, ვინმემ უხეშად შეგვიშალოს ხელი ჩვენს იდეალებთან მიახლოებაში. ყოველი დღე ბედნიერებაა, საკუთარ თავს გაუღიმეთ და უთხარით _ მე ბედნიერი ვარ! თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი კი წარმატების განუყოფელი ნაწილია.

შეგახსენებთ, რომ თამთა დადეშელი გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ თამთას, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს დიდი ხანია თბილი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი თამთა არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.