რიცხვი 12 და მამუკა ხაზარაძე…

12 — ეს არის რიცხვი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში ყველაზე ხშირად ახსენა: 12 საათი, 12 სექტემბერი, 12 ლიდერი, 12, 12…

პირველი სიმბოლური დატვირთა, რომელიც ხაზარაძემ ამ რიცხვს მოუძებნა ილია ჭავჭავაძეს უკავშირდება: “112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ”.

მამუკა ხაზარაძის თქმით, რიცხვ 12-ს სხვა სიმბოლიზმიც აქვს, მაგალითად, საქართველოში 12 საუკუნეში ოქროს ხანა იყო და ევროკავშირის დროშაზე 12 ვარსკვლავია: “ერთმა ნიჭიერმა ადამიანმა ისიც თქვა, რომ 12-ის მერე ახალი წელი მოდის”.

მოგვიანებით, TV პირველთან ინტერვიუში მამუკა ხაზარაძემ 12 ლიდერი, თავისივე დაფუძნებულ სკოლას დაუკავშირა.

“17 წლის წინ ჩემს ბიზნესპარტნიორებთან ერთად დავაფუძნე ამერიკული აკადემია და ჩამოვიტანე მეთოდოლოგია, ჰარვარდელი პროფესორების მოგონილი მაგიდა, რომლის გარშემოც 12 მოსწავლე ზის. ამ სკოლამ 700 ბავშვი გამოუშვა და ამ 700-ვე ბავშვმა ისწავლა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. ჯამურად, 60 000 დოლარის სტიპენდია მოიპოვეს. ეს არის თაობა, რომელმაც ისწავლა ლისზე და გაუწია კონკურენცია მსოფლიოში სხვებს. ეს ინტერაქტიური სწავლების მეთოდოლოგიაა, როცა 12 ბავშვი თვალებში უყურებს ერთმანეთს და ერთი საათის განმავლობაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს”, — თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ბიზნესმენმა როგორც ანაკლიაში, ისე მედიასთან სამომავლო გეგმებზე ბევრი ისაუბრა, თუმცა გუნდი ჯერ არ წარუდგენია. გუნდის დაკომპლექტებისა და პოლიტიკური აქტივობის დაწყების შემდეგ კი მთავარი კითხვა იქნება, რა შანსები აქვს სიმბოლიზმით მოსულ პარტიას 2020 წელს.