საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში 17 წლის მოზარდმა სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც გარდაცვილის მეზობლები “რეგიონულ კვირასთან” ჰყვებიან მოზარდი ჩამომხრჩვალი სარდაფში საკუთარმა დამ იპოვა. შემთხვევა, როგორც ირკვევა დღეს გამთენიისას მოხდა.
“იმ საღამოს მჯდარა კომპიუტერთან, მერე ამდგარა და გამოსულა გარეთ. მას მერე აღარ შესულა სახლში. ოჯახში უფიქრიათ სად წავიდაო, ბებია და და გამოსულან და დაუძახიათ. დას დაუნახია იქ ჩამოკიდებული და აუტეხავს კივილი “,- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
ივანაშვილების ოჯახი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, მეზობლების თქმით სამაგალითოა და მათ შესახებ ცუდი არასდროს სმენიათ. გარდაცვლილის მამა სასულიერო პირია, თავად მოზარდი კი მრავალი წელი სტიქაროსანი იყო. მეზობლებს თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. როგორც ამბობენ, 17 წლის, სასულიერო აკადემიის მოსწავლეს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
“ყველანაირად მოწესრიგებული და ძალიან ზრდილობიანი ბავშვი იყო. მიზეზი გაურკვეველია. ბევრ რამეს ამბობენ. პოლიცია დადის მთელი დღეა და ალბათ წაიღეს მისი კომპიუტერი”,- აღნიშნავს ივანაშვილების ოჯახის მეზობელი, ლუიზა სამხარაძე.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
