“ნიუპოსტი” 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობაში ფიგურანტი პოლიციელებისა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების კავშირზე უკვე წერდა. დღეს კი ბრალდებული სამართალდამცველებისა და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლების კავშირები გამოიკვეთა.
მაშ ასე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტია ზურაბ ჯღარკავა, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. დაკავებული პოლიციელი დავით მიროტაძე კი ჯღარკავას სიძეა.
საქმის მასალების თანახმად, სწორედ ჯღარკავამ სთხოვა პოლიციის თანამშრომელ მიროტაძეს დავით მუმლაძე მათთან (კრიმინალურ ავტორიტეტებთან) მიიყვანა, რაც შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა. მიხეილ ღუბიანურმა და დავით მიროტაძემ და ასევე ყოფილმა სამართალდამცავმა, დიტო დუღაშვილმა სისრულეში მოიყვენეს, სწორედ მათი მეშვეობით 35 წლის მუმლაძე კრიმინალების ხელში აღმოჩნდა. საქმე კი ახალგაზრდა კაცის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობით დასრულდა.
საქმის მასალების თანახმად, პოლიციელებმა მიხეილ ღუბიანურმა და დავით მიროტაძემ ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით დავით მუმლაძე, გლდანის მესამე მიკრორაიონიდან გაიტაცეს. მეგობრის, გიორგი გეთაშვილის მანქანიდან, ბორკილებდადებული გამოიყვენეს და თავიანთ BMW-X6 -ის მარკის ავტომობილში ჩასვეს.
საბოლოო ჯამში, გატაცებული მუმლაძე პოლიციელმა მიროტაძემ და მისმა მეგობრებმა ზურაბ ჯღარკავას და მის თანამზრახველს გიორგი ასათიანს გადასცეს.
არსებული ინფორმაციით, სწორედ ასათიანმა და ჯღარკავამ მოკლეს ზურაბ დადეშელი.
რაც შეეხება გიორგი გეთაშვილს, მასთან დაკავშირებით ბრალის დადგენილებაში კი წერია, რომ გიორგი ასათიანი და ზურაბ ჯღარკავა, განზრახვის განხორციელების მიზნით, დაუკავშირდნენ გეთაშვილს და ამ ფორმით გამოიყვანეს დავით მუმლაძე სახლიდან.
გეთაშვილის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორგანიზებულ გატაცებაში ყოფილიყო ჩართული, რადგან გეთაშვილი ვერც წარმოიდგენდა, რომ პოლიციელები მის მეგობარს გასწირავდნენ.
“ბრალდება, თითქოს გეთაშვილი დაკავებული პოლიციელების თანამზრახველი იყო აბსურდია. ბრალდების მხარე ამას ვერ დაამტკიცებს. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ როდესაც დავით მუმლაძე ჩამოსვეს მანქანიდან, ის განაიარაღეს, დადეს ხელბორკილები და ჩასვეს მანქანაში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს როგორ უნდა გაეაზრებინა, რომ პოლიციელებს გატაცება უნდოდათ”- განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი გეთაშვილის მამა აღნიშნავს, თუ პროკურატურა დაამტკიცებს, რომ მისი შვილი პოლიციელების თანამზრახველია უნდა დაისაჯოს.
“თუ ამან მეგობარი გამოიყვანა და პოლიციას გადასცა მოსაკლავად, ან ის უნდა მოეკლათ ან ეს… ეს ბიზნესგარჩევა არ ყოფილა, მეტროს ფული არ ჰქონდა არცერთს. თუ ეს დადასტურდა ჩემი შვილიც რომ იყოს ყველა ციხეში”- აცხადებს გეთაშვილის მამა.
ცნობისთვის, დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს, მათ შორის ორ მოქმედ და ერთ ყოფილ პოლიციელს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენა.
საგამოძიებო უწყებამ გიორგი გეთაშვილის ბრალი დაუმძიმდა და სსკ-ის 370-ე მუხლის ნაცვლად, 143-ე მუხლის 25-143-3ა-თი წაუყენა. ეს მუხლი ითვალისწინებს, ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარებას.
35 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1 ოქტომბრიდან ეძებდა. მისი ცხედარი საბოლოოდ 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა გამორიყა. მამაკაცს 30 ზე მეტი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
ნიუპოსტი”