პროგნოზი, რომელიც გამართლდა

ამა წლის 24-30 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ანსამბლეაზე, სადაც თავი მოიყარა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა და ასეულობით დიპლომატმა,  ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ  ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოს მოუწოდა: “თუ გსურთ თავისუფლება, იამაყეთ  საკუთარი ქვეყნით. თუ გსურთ დემოკრატია, შეინარჩუნეთ  სუვერენიტეტი. თუ გსურთ მშვიდობა,  გიყვარდეთ თქვენი ერი. მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებზე ფიქრობენ,  პატივს სცემენ მეზობლებს და იმ  განსხვავებებს, რომლებსაც თითოეული  ქვეყანა ქმნის”.

ტრამპმა ამ გამოსვლით, ფაქტობრივად,  გამოაცხადა მსოფლიოს გლობალიზაციის იმ პროექტის კრახი, რომელსაც აშშ  ბოლო ოცდაათი წელიწადი თავს ახვევდა სრულიად მსოფლიოს და რომელსაც თავგამოდებით ეტმასნებოდა და ეტმასნება საქართველოს ყველა ხელისუფლება, შევარდნაძე–სააკაშვილით დაწყებული და “ქართული ოცნებით”  დამთავრებული. საქმეში ჩახედული და,  უბრალოდ, საღი აზრის მქონე  ადამიანები ადრეც და მოგვიანებითაც არაერთხელ აფრთხილებდნენ საქართველოს ხელისუფალთ გლობალიზაციის ამერიკული ვარიანტის დამღუპველობისა და მისი გარდაუვალი კრახის შესახებ.  ერთ–ერთი მათგანია (ერთადერთი თუ არა)  პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი,  პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია,  რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოდან თავის მრავალ პუბლიკაციასა თუ ინტერვიუში ხსნიდა და განმარტავდა მსოფლიოში მიმდინარე რეალურ პროცესებს და მათ მავნე ზეგავლენას ქვეყანასა და ხალხზე.  საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე,  გთავაზობთ ნაწყვეტებს ალექსანდრე ჭაჭიას სხადასხვა წერილიდან ზემოხსენებულ თემაზე:

*”…დიახ, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ძალზე მომგებიანია, მაგრამ ვინ თქვა და სადაა გარანტია, რომ ამ მდგომარეობის უპირატესობით აუცილებლად ქართველი ხალხი ისარგებლებს თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოთი? პირიქით, ბოლო
 წლების მოვლენების ანალიზი, სხვადასხა სახელმწიფოს გეოსტრატეგიული კონცეფციების, მსოფლიო პოლიტიკური ელიტის პერსპექტიული გეგმების გაცნობა გვიჩვენებს, რომ არსებობს ძლიერთა ამა ქვეყნისათათვის მისაღები  თვალსაზრისი, რომ არ არის საჭირო,  მაინცდამაინც საქართველომ და ქართველმა ხალხმა შეასრულოს რეგიონში ფუნქციონალური როლი, ამ ტერიტორიაზე სათანადო როლის შესრულებას მოახერხებენ სხვა ქვეყნები.

ვინმეს ყოველივე ეს ფანტასტიკურად მოეჩვენება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სრულიად შესაძლებელია. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოს ახალი, ძალზე სასტიკი გადანაწილების პერიოდში,  როცა წყდება არა მხოლოდ ძლიერი ქვეყნების სუსტებზე გაბატონების საკითხი, არამედ ამა თუ იმ ხალხისა თუ ქვეყნის  არსებობის მიზანშეწონილობის საკითხიც კი…”  (გაზეთი “საქართველო”, 1997 წლის თებერვალი.)

*”…საქართველოში დღეს განსაკუთრებით მოდურია მსჯელობა დასავლეთის დახმარებაზე. მიამიტ, პროვინციელ მეოცნებეთა ეს ცრუ იმედი  გავრცელებული იქნება მანამ, სანამ საზოგადოება არ შეიგნებს თანამედროვე მსოფლიოს მთავარ გლობალურ დაპირისპირებას“ ჩრდილოეთსა” და “სამხრეთს” შორის,  სადაც “ჩრდილოეთი” განვითარებული ქვეყნებია, პლანეტის მოსახლეობის  ის“ოქროს მილიარდი”, რომელიც  იყენებს მსოფლიო რესურსების უმეტეს ნაწილს,  ხოლო “სამხრეთი” _ მთელი დანარჩენი სამყარო. უხეშად რომ ვთქვათ,  იმისათვის, რომ “ჩრდილოეთმა”  გააგრძელოს მდიდრული ცხოვრება, ნედლეულისა და სურსათის მსოფლიო მარაგის ძირითადი ნაწილი კვლავ მოიხმაროს, “სამხრეთი” სიღატაკეში უნდა  იმყოფებოდეს. ამისათვის კი საჭიროა:

1.“სამხრეთის” კოლონიური დამოკიდებულება “ჩრდილოეთზე”, რაც მიიღწევა ამ ქვეყნების ეროვნული ეკონომიკის ნგრევითა და მათი გადაქცევით ნედლეულისა და იაფი მუშახელის მომწოდებლად, რისთვისაც მოქმედებენ სავალუტო ფონდი,  მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები;

2.“სამხრეთის” მოსახლეობის  რაოდენობის შემცირება ლოკალური ომებისა და მიზანმიმართული სოციალური პოლიტიკის ხარჯზე (ჯანმრთელობის დაცვის,  განათლების, სოც უზრუნველყოფის ხელმისაწვდომი სისტემის არარსებობა,  უმუშევრობა, შობადობის იძულებითი შემცირება).

ცნობილი გეოპოლიტიკური გეგმებიდან  და, აგრეთვე, საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური რეალობიდან,  სავალუტოფონდის პოლიტიკიდან და  საქართველოს მთავრობის საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს ერთადერთი  დასკვნა: ქართველი ერი  (ყოფილი სსრკ–ის სხვა ხალხებთან ერთად) მოხვდა იმ ხალხთა სიაში, რომლის ხარჯზეც გადაწყვეტილია პლანეტის მოსახლეობის შემცირების უზრუნველყოფა. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიას, ის უდავოდ შეასრულებს იმ სატრანზიტო როლს,  რომელზეც დიდი იმედით ლაპარაკობენ ქართველი პოლიტიკოსები, მაგრამ  ამისგან შემოსავალს მიიღებენ სხვა ერები და  სხვა სახელმწიფოები…

…საქართველო არ აღორძინდება მანამ, სანამ მუქთახორათა ფსიქოლოგიას ბოლო არ მოეღება. არც სსრკ, არც ნატო, არც აფრიკის კავშირი ჩვენ არ შეგვინახავს და ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე არ იზრუნებს. რუსეთთან, ისევე, როგორც დასავლეთთან, ჩვენი ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს სრულიად ახალ პრინციპებს, რომლებიც ძირფესვიანად განსხვავდება იმისგან, რაც დღეს ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ ხორციელდება. ჯერ კიდევ 1995 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას ვთქვი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა იმით კი არ უნდა იყოს შეწუხებული, პრორუსული თუ პროდასავლური პოლიტიკა გაატაროს, არამედ იმაზე იფიქროს, თუ როგორ გახადოს იგი პროქართული…

…რას წარმოადგენს თანამედროვე “ცხოვრების დასავლური წესი?” _ ეს გახლავთ იმ ნორმათა და ღირებულებათა სისტემა, რომელიც პროტესტანტული იდეოლოგიითაა შემუშავებული  ანგლო–საქსური ეროვნული შეგნების სპეციფიკის საფუძველზე. პროტესტანტული მსოფლ მხედველობისა და ინგლისურ–ამერიკულ–გერმანული მენტალიტეტის საფუძველს წარმოადგენს რაციონალიზმი, მკვეთრი ინდივიდუალიზმი და ანალიტიკურობა, მარტოობაში ცხოვრება და ბრძოლა, საკუთარი თავის იმედი (პრინციპები: “ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა”, “მდიდარი ყოველთვის მართალია”, “ადამიანი ადამიანისათვის მგელია” და ა.შ.).  ყველა ეს თვისება კატეგორიულად მიუღებელია მართლმადიდებლური შეგნებისთვის,  რომელიც ეფუძნება ჰუმანიზმს,  ხელგაშლილობას, მგრძნობიარობის რაციონალურზე სიჭარბეს,  კოლექტივიზმს, კაცთმოყვარეობას,  ცხოვრებასა და ბრძოლას მხოლოდ საზოგადოებაში სხვებთან ერთად. მეტიც,  პროტესტანტულ ფსიქოლოგიას მკვეთრად ეწინააღმდეგება კათოლიკური შეგნებაც, კათოლიკური მსოფლმხედველობაც კი. ზუსტად ამის გამო კათოლიკური ხალხები “ცხოვრების დასავლური წესის” ათვისებაში“ ჩამორჩებიან”: იტალიელები,  ესპანელები დასავლეთში ამ თვალსაზრისით“ ჩამორჩენილ” ერებად ითვლებიან,  ფრანგები აქტიურად ეწინააღმდეგებიან საკუთარი ქვეყნის ამერიკანიზაციას,  ირლანდიელები ომობენ ინგლისელებთან. ამიტომ თეზისი იმის შესახებ, რომ  ჩვენი დასავლეთთან ერთობის ფაქტორს “საერთო რელიგია” წარმოადგენს,  უსაფუძვლოა. აქედან კი  გამომდინარეობს მცდარი აზრი თითქოსდა საერთო მენტალიტეტის შესახებ. ქართული საზოგადოება ტრადიციული საზოგადოებაა. ვიმეორებ, თვისებები,  რომლებიც პროტესტანტულ ინდუსტრიულ საზოგადოებას ახასიათებს, ჩვენთვის უცხოა და კატეგორიულად მიუღებელი.

საბაზრო ეკონომიკის თეორეტიკოსი ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი წერდა: “ლიბერალური საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელია, რომ ადამიანები ზოგიერთი ბუნებრივი ინსტინქტებისგან გათავისუფლდნენ,  განსაკუთრებით სოლიდარობისა და შეცოდებისაგან”. აღიარა რა, რომ  ესბუნებრივი, თანდაყოლილი  ინსტინქტებია, მან ხაზი გაუსვა  თანამედროვე საზოგადოების პროექტის  სიდიადეს _ ადამიანის ახალ  ბიოლოგიურ სახეობად გადაქცევას  (ამას, სხვათა შორის, ემსახურება  ამერიკული კინო ინდუსტრია, თავისი სასტიკი  მკვლელობებით, ძალის კულტით, მარტოხელა  გმირებით და ა.შ.); იმის, რაზეც  ოცნებობდა ფრიდრიხ ნიცშე, როცა  “ზეადამიანის” სახეს ქმნიდა,  მე-20 საუკუნის დასასრულს რეალობად გადაქცევას ცდილობენ. შეგვიძლია და გვინდა კი ჩვენ, ქართველებს, უარი  ვთქვათ ჩვენი ერის, რელიგიის, კულტურის დამახასიათებელ ძირითად თვისებებზე  და ახალ “ბიოლოგიურ სახეობად”  გადავიქცეთ?

…”პროდასავლური ორიენტაციის” შედეგია, აგრეთვე, ტოტალური იმიტაცია, დასავლური კულტურული ნიმუშებისადმი მიბაძვა, რაც ქართული ეროვნული კულტურის, ტრადიციების, ქცევის ნორმების, მორალისა და ზნეობის განდევნის ხარჯზე ხდება. მთელი პროპაგანდა მიმართულია წარსულის უგულებელყოფაზე, წინა თაობისა და მათი მოღვაწეობის დაცინვაზე. ტელევიზია, საშინელი არაპროფესიონალიზმის, ღრმა პროვინციალიზმის, დასავლური მასობრივი კულტურის უარესი ნიმუშებისადმი სასაცილო და ამაზრზენი მიბაძვის გარდა, უბრალოდ, რყვნის ახალგაზრდობას, ღუპავს ეროვნული ზნეობის პოტენციალს…

… თუ მსოფლიო შეძლებს  გლობალური კატასტროფის თავიდან აცილებას, მაშინ უდავოდ მოვა დრო, როდესაც მსოფლიო ინტელექტუალური ელიტა რეალურად და არა დეკლარაციულად აღიარებს საზოგადოების ორგანიზაციის სოციალური ფორმების პლურალიზმის პრინციპს,  რომლის შესაბამისად ნებისმიერ საზოგადოებას განვითარების საკუთარი გზის უფლება აქვს, გზის, რომელიც მის კულტურას, ეროვნულ, სოციალურ თავისებურებებს შეესაბამება.  მაგრამ, სანამ ეს დრო მოვა, მცირე  ერებმა ადგილობრივი უვიცი პოლიტიკური  ელიტის ხელმძღვანელობით, შესაძლოა,  საკუთარი კულტურულ–ისტორიული სახე დაკარგონ.  ამიტომ საქართველოში არსებულმა პატრიოტულმა ძალებმა უარი უნდა თქვან კაცობრიობის განვითარების ერთიან,  უნივერსალურ მოდელზე, რომელიც აზროვნების ტიპზე, ტრადიციებზე,  კულტურაზე, ეროვნულ სპეციფიკაზე თითქოსდა არ არის დამოკიდებული. ეს შეეხება ჩვენს ქვეყანაში ამერიკანიზმისა და ევროპოცენტრიზმის გამტარებლებს,  იმ ინდივიდუალიზმის აბსოლუტიზაციას  რომ ცდილობენ, რომელიც სპეციფიკურად დასავლური, ანგლო–საქსური მსოფლმხედველობის მიერაა წარმოშობილი და რომელიც ისტორიულ განვითარებას სწორხაზოვან პროცესად მიიჩნევს. ეს “იდეოლოგები”  მოსახლეობას დაუღალავად ახვევენ თავს არასწორ მტკიცებას იმის შესახებ, რომ პლანეტის მთელმა მოსახლეობამ უნდა გაიაროს დასავლეთის ქვეყნების გზა, მათ განგადმოიღოს საზოგადოების ინდუსტრიალიზაციის მათეული  მეთოდები და წესები. საინტერესოა ის, რომ პლურალიზმის იდეა, რომელიც თვით დასავლეთის მიერაა გავრცელებული,  როგორც ცივილიზაციის არსებობისა და განვითარების საფუძველი, ქრება მათ კონცეფციებში მაშინ, როცა საქმე საზოგადოების სოციალურ მოწყობას შეეხება. ნუთუ პლურალიზმი სხვადასხვა ქვეყნისა და ერის განვითარების სხვადასხვა გზას არ გულისხმობს?

მეტიც, ისტორიამ უკუაგდო ერების შერწყმის თეზისი იმ გაგებით, რომ ხალხებმა უარი უნდა თქვან საკუთარ კულტურულ–ისტორიულ ტრადიციებზე, დასავლური  საზოგადოების თითქოსდა უნივერსალურ პრინციპებს უნდა  მიჰყვნენ(სხვათა შორის, დიდი  სახელმწიფო მოღვაწეებისაგან პირველმა ასეთი მიდგომის საშიშროება ი. სტალინმა შეიგნო, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოსმოპოლიტიზმის იდეოლოგიას). ისტორიამ დაამტკიცა,  რომ სწორედ ერები ისტორიის მთავარ სუბიექტს წარმოადგენენ და ამ როლში შეიგნებენ და განახორციელებენ  საკუთარ ინტერესებს, მოთხოვნებსა და ისტორიულ ვალს.  ამიტომ მთავარი, რისკენაც 1993  წლიდან ყველა შესაძლო ხერხით მოვუწოდებდი და მოვუწოდებ პრეზიდენტს, ოპოზიციას, ინტელიგენციას,  ქვეყნი სეროვნულ–სახელმწიფოებრივი განვითარების საკუთარი მოდელის შემუშავებაა.

დღეს, როცა საქართველოში ანტიეროვნული და არნახულად კორუმპირებული ხელისუფლებაა,  მათდამი მიმართვა უაზრობაა. ამიტომ ყოველმა ქართველმა უნდა შეიგნოს, რომ დასავლური საზოგადოების არსებობის პრინციპების ბრმა, ხელოვნური გადმოღებით, ჩვენთვის უცხო ორიენტაციებისა და ღირებულებებისადმი მიბაძვით ჩვენ ამერიკელები მაინც ვერ გავხდებით, მაგრამ ქართველობას კი დავკარგავთ.
geworld.ge

კომენტარები ფეისბუქიდან